ნათია მეზვრიშვილი - ლომთათიძის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს
როგორც კი დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ შევატყობინებთ,- ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მომხდარზე საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება.
„ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაწყებულია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ასევე სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას ითვალისწინებს. საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებს ინტენსიურად ვატარებთ.
როგორც კი დანაშაულის ჩამდები პირის იდენტიფიცირება და დაკავება მოხდება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ შევატყობინებთ”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში პოლიცია მუშაობდა.