ნათია მეზვრიშვილი - გუშინ სახელმწიფომ თავის ფუნქცია არ შეასრულა, ძალადობა არ აღკვეთა, ხელისუფლება ხალხს ამოეფარა
ნათია მეზვრიშვილი - გუშინ სახელმწიფომ თავის ფუნქცია არ შეასრულა, ძალადობა არ აღკვეთა, ხელისუფლება ხალხს ამოეფარა

გუშინ სახელმწიფომ თავის ფუნქცია არ შეასრულა, ძალადობა არ აღკვეთა, ხელისუფლება ხალხს ამოეფარა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, სახელმწიფომ ვერც ძალადობის წინასწარ პრევენცია შეძლო და ვერც უშუალოდ ძალადობრივი ქმედებების პროცესში მყისიერი რეაგირება.

„გუშინდელ მოვლენებზე ორგვარი შეფასება არ არსებობს, გუშინდელი მოვლენების შეფასებაზე ერთადერთი ჭეშმარიტება არსებობს – სამწუხაროდ, სახელმწიფომ გუშინ ვერ შეძლო თუ არ შეძლო, როგორც გნებავთ ისე დავარქვათ, რისკების მართვა, რაც იყო მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, რომ ამ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა წრეში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, რაც არის ბუნებრივი პროცესი. ვიღაცისთვის რაღაცა მოსაწონია, ვიღაცისთვის რაღაცა მოსაწონი არაა, ესაა დემოკრატიის ნაწილი, მაგრამ კონსტიტუცია იმისთვის გვაქვს, იქ იმისთვის წერია გამოხატვის თავისუფლება, რომ ჩვენ გვეკისრება ვალდებულება, რეალიზება მოვახდინოთ. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს რისკები ვერ მართა. იმ ფონზე, როდესაც წინა დღეებში განცხადებები კეთდებოდა, მათ შორის რადიკალური განცხადებები, იყო ძალადობისკენ მოწოდებები, ამ ფონზე ვერც პრევენცია მოახერხა და უშუალოდ ძალადობის მომენტშიც ვერ მოახერხა მყისიერი რეაგირება. სახელმწიფოს წარმომადგენლები გუშინ ფაქტობრივად გაჩერებულები იყვნენ და მე ძალიან გული მწყდება, რომ ამაში კიდევ ერთხელ გაიჭყლიტა და ზიანი მიიღო პოლიციამ.

ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო გუშინ ძალადობის აღკვეთისას თავის ფუნქციას უბრალოდ არ ასრულებდა. ეს რისკები სახელმწიფოს წინასწარ უნდა გაეთვალა, აქტიურად უნდა ჩართულიყო თუნდაც მოლაპარაკებების წარმოების გზით,  არასათანადო ძალისხმევა გაწიეს, რომ ამ პროცესების დეესკალაცია მოეხდინათ. გუშინ ხელისუფლება ხალხს ამოეფარა. პასუხისმგებლიან ხელისუფლებას შეეძლო, ამ რისკების გათვლით ხისტი გადაწყვეტილება მიეღო და საკუთარ თავზე აეღო ეს პასუხისმგებლობა. ამის ნაცვლად ამოეფარა ხალხს და ეკლესიას, რომელმაც გუშინ სახელმწიფოს მიერ რისკების არასათანადოდ მართვის გამო ძალიან დიდი ზიანი მიიღო. არ მეგულება ადამიანი, ეკლესია, რომელიც ძალადობას მიესალმება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი შეფასებით, ძალადობრივი ფაქტების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლების გუშინდელი განცხადებები ცინიკური იყო.

„ახლა ალბათ, მოჩვენებითად ვიღაცებს დასჯიან ან არ დასჯიან და სამწუხაროდ, ქვეყნის იმიჯი დაზარალდება. ბევრი ჟურნალისტი დაზარალდა, რის შემდეგაც აბსოლუტურად ცინიკური იყო ის განცხადებები, რაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა. გამოვიდნენ და ომახიანად დაგმეს ძალადობა, რომელიც არ აღკვეთეს, რომლის პრევენციაც წინმსწრებად ვერ მოახდინეს. მარტივია გამოსვლა და ძალადობის დაგმობა. ისე განვითარდა მოვლენები, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი იყო მიზანმიმართული“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.