ნათია მეზვრიშვილი-დავის გადაწყვეტის მიზნით ე.წ. კანონიერ ქურდთან მისვლა სისხლის სამართლის წესით დაისჯება
ნათია მეზვრიშვილი-დავის გადაწყვეტის მიზნით ე.წ. კანონიერ ქურდთან მისვლა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

„ქურდულ სამყაროსთან” მიმართებაში, ქმედებები, რომლებიც სისხლის სამართლის წესით არ ისჯება, კანონპროექტის მიღების შემდეგ დანაშაულად გამოცხადდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ე.წ ქურდული სამყაროს კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, „ქურდული სამყაროს” წევრის, ან „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვა დღეს დანაშაული არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ კანონს პარლამენტი მიიღებს, თუ პირი დავის გადაწყვეტის მიზნით „ქურდული სამყაროს” წევრს ან „კანონიერ ქურდს” მიადგება, სისხლის სამართლის წესით დაისჯება”, -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა და აღნიშნა, რომ საუბარი არ არის მხოლოდ მოქალაქეების დასჯაზე. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მთავარი სამიზნეები „ქურდული სამყაროს” წევრები და ე.წ. კანონიერი ქურდები არიან.

„ ქმედება, რომელსაც ნებისმიერი პირი ამ სამყაროს ფინანსური, მატერიალური თუ სხვა ტიპის მხარდასაჭერად განახორციელებს, სისხლის სამართლის წესით დაისჯება. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად იზრდება არსებული სანქციები. მოქმედი კანონმდებლობით,  „ქურდული სამყაროს” წევრისთვის სასჯელი 5-დან 8 წლამდეა. ეს ვადა 7-დან 10 წლამდე გაიზრდება, ხოლო ე.წ. კანონიერი ქურდისთვის- 9-დან 15 წლამდე. დღეს რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, ხვალ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის გახდება”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, სანქციები საკმაოდ მკაცრია, თუმცა მხარდაჭერა ორივე კომიტეტში მოიპოვა.

„ეს საკმაოდ მკაცრი სანქციებია. ჯერჯერობით პროცესები კარგად მიდის. მხარდაჭერა როგორც ერთ კომიტეტში, ასევე მეორე კომიტეტში მოვიპოვეთ და მნიშვნელოვანია, რომ ყველანი საერთო აზრზე ვართ. იმედი მაქვს, ეს პროცესები ასე გაგრძელდება”,-განაცხადა მან.

კანონპროექტი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.