ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს
ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს

ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირის სანქციების დარღვევისა და გვერდის ავლისთვის სასჯელს ითვალისწინებს.

შესაბამის ინიციატივას მხარი დაუჭირა 543-მა დეპუტატმა, 45-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 27-მა კი თავი შეიკავა.

ამოქმედებისთვის ახლა კანონი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ის ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის მერე, ამის შემდეგ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ერთი წლის ვადა ექნებათ ეროვნულ კანონმდებლობასთან ახალი წესების შესათავსებლად.

როგორც ევროპარლამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ სანქციები დამტკიცებულია ევროკავშირის დონეზე, მათი აღსრულება დამოკიდებულია წევრ ქვეყნებზე, რომელთა შორისაც სანქციების დარღვევის განსაზღვრება და ამასთან დაკავშირებული სასჯელი არაერთგვაროვანია. ამიტომ, ახალი წესები მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის სანქციების აღსრულების ჰარმონიზებას, სანქციების დარღვევის განსაზღვრების დადგენას და ამისთვის მინიმალური სასჯელის დაწესებას.

ახალი კანონით დასჯად სამართალდარღვევად ასევე ჩაითვლება ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა სანქციების დარღვევით. კანონი ადგენს სანქციების გვერდის ავლის განსაზღვრებას.

კანონი უზრუნველყოფს სანქციების დარღვევისთვის ან გვერდის ავლისთვის სასჯელს. ეს ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში დაისჯება ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.