ბაკურ აბულაძე - „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა უმკაცრესია
ბაკურ აბულაძე - „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა უმკაცრესია

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმის „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

როგორც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილე ბაკურ აბულაძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, 2023 წლის ცხრა თვის მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 48 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი 57 პირის მიმართ დადგა.

აბულაძის განცხადებით, სისხლის სამართლის პოლიტიკა „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ უმკაცრესია.

ანგარიშის წარდგენისას გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დანაშაულის შედეგად მიღებული ქონებების მიდევნების და ჩამორთმევის მიმართულებითაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

ანგარიშის წარდგენისას ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად იგზავნება სასამართლოში და საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის და მამხილებელი ჩვენების მიცემისას გამონაკლის შემთხვევებში იყენებს.