ნათია მეზვრიშვილი - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკები იყიდებოდა, შესაბამისად ჩხრეკა იყო ლეგიტიმური
პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა, ამ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომელმაც განმარტა, თუ რატომ ჩატარდა სპეცოპერაცია კლუბებში.
მისი თქმით, აღნიშნულ დაწესებულებებში ნარკოტიკების რეალიზაციის არაერთი ფაქტი დადასტურებულია მტკიცებულებებით.
როგორც შს მინისტრის მოადგილე ამბობს, მათ შორის ნარკოტიკები იყიდებოდა „ბასიანსა“ და „გალერიში”, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.
„ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რატომ ჩაატარა პოლიციამ კლუბებში საგამოძიებო მოქმედება მაშინ, როცა გარკვეული ნაწილის, უმრავლესობის დაკავება გარეთ მოხდა. ეს საგამოძიებო მოქმედებები დამოუკიდებელია.
მოდით, ცოტა ხანი დაკავების ფაქტი დავივიწყოთ და იმაზე ვიმსჯელოთ, პოლიციას ჰქონდა თუ არა კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო – ამ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკები, გაყიდვის არაერთი ფაქტი დადასტურებულია მტკიცებულებებით, ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეომასალა, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის იმ კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ჩატარებული ჩხრეკა იყო ლეგიტიმური და ჩატარდა სწორედ იმ დროს, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა.
„საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა – ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს, სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული მტკიცებულებები აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება და ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა – დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური. სწორედ მაშინ, როცა „ივენთი” მიმდინარეობდა, რადგან ეს იყო ის დრო, როცა ნარკოტიკული საშუალებები კლუბებში იყიდებოდა. საგამოძიებო მოქმედებები ზუსტად მაგ დროს უნდა ჩატარებულიყო“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია, კლუბის დაკავებული დაცვის უფროსისგან 50 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
„რა თქმა უნდა, ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია. დაცვის უფროსი, რომელიც კლუბში დავაკავეთ, რომელიც გასაღებაში ერთ-ერთი ბრალდებული პირია, მისგან 50 აბი ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული, რასაც ექსპერტიზა უტარდება. კლუბებიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ექსპერტიზა უტარდება, რა სახის არის, გაცნობებთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიება გრძელდება და მის შედეგზე საზოგადოებას ეცნობება.