ნასკას უდაბნოში კატის გიგანტური, 2000 წლის წინანდელი გამოსახულება აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პერუში, სახელგანთქმულ ნასკას უდაბნოში კატის გამოსახულება, ე. წ. გეოგლიფი აღმოაჩინეს. ნახატის სიგრძე 37 მეტრია და 2000 წლის წინ არის შესრულებული.
მას შემდეგ, რაც პერუს ხელისუფლებამ ნასკას უდაბნოში კვლევითი სამუშაოები გააუმჯობესა, მკვლევართა ჯგუფმა ერთ-ერთ ფერდობზე კატის მკრთალი გამოსახულება შენიშნა.
„უცნაურია, რომ ახალ ფიგურებს დღემდე ვპოულობთ, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ კიდევ ბევრს ვიპოვით“, — ამბობს ჯონი ისლა, პერუს მთავარი არქეოლოგი ნასკას ხაზების საკითხში.
ნასკას ხაზები მიწაზე შესრულებული გიგანტური ნახატებია ნასკას უდაბნოში; ძირითადად შექმნილია ნასკას კულტურის მიერ, ძვ. წ. 500 და ახ. წ. 500 წლებს შორის.
უდაბნოს მოწითალო-მოყავისფრო ღორღიანი ზედაპირის ქვეშ მოყვითალო-მონაცრისფრო ნიადაგი იმალება. ზედა ფენის მოცილების შემთხვევაში, ქვეშ ჩნდება შედარებით ღია ფერის მიწა. ამ რეგიონში არც ბევრი წვიმა მოდის, არც ეროზია მიმდინარეობს და არც ქარი იცის და შესაბამისად, ადამიანთა მიერ შექმნილი ფორმაციები საკმაოდ კარგად უძლებს ათასწლეულებს.
ნიადაგის ქვედა ფენა ასევე შეიცავს დიდი ოდენობით კირს, რომელიც ტენის მოხვედრისას (მაგალითად, დილის ცვრის) მყარდება და ადამიანთა მიერ დახაზულ ხაზებსა თუ ნახატებს ეროზიისგან ათასობით წლის განმავლობაში იცავს.
ნასკას ზოგიერთ ხაზს გეომეტრიული ფორმები აქვს, ზოგი უბრალო ხაზია, ზოგიც ცხოველებისა თუ სხვადასხვა ობიექტის საკმაოდ დახვეწილი გამოსახულება, რომლებიც რამდენიმე მეტრზეა გადაჭიმული და ფორმების აღქმა მხოლოდ ზემოდან, ციდან დახედვისას არის შესაძლებელი.
კატის ახლად აღმოჩენილი გამოსახულება ძვ. წ. 200-100 წლით თარიღდება, ანუ ეკუთვნის პარაკასის კულტურის გვიანდელ პერიოდს. ნასკას კულტურა ამ რეგიონში ძვ. წ. 100 წლისთვის გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ გატის გამოსახულება ამ რეგიონში აღმოჩენილ სხვა ფიგურებზე უფრო ძველია.
„ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა აქვს ამ ადგილს“, — წერს განცხადებაში პერუს კულტურის სამინისტრო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ ვიცით, რატომ ხატავდა ეს ხალხი უდაბნოში ამ გიგანტურ სიმბოლოებს, გარკვეულ მინიშნებას გვაძლევს უახლესი კვლევები, რომლებიც მიუთითებს, რომ ისინი შეიძლება ან გარკვეული მინიშნებები იყო მოგზაურთათვის, ან ღმერთების უძღვნიდნენ, ციდან დასანახად.
ბოლო წლებში, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მეცნიერებმა კიდევ უფრო ბევრი ასეთი გამოსახულება აღმოაჩინეს; სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი მანქანების მიერ არის დაზიანებული.
საბედნიეროდ, კატის გამოსახულება ასეთ ბედს გადაურჩა, მაგრამ როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ის თითქმის გაქრობის პირასაა, რადგან მდებარეობს საკმაოდ დამრეც ფერდობზე, რომელიც ეროზიისკენ არის მიდრეკილი.
გამოსახულება ფრთხილად გაასუფთავეს და ამჟამად ახალივით გამოიყურება.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.