უკვე ათწლეულებია, სამხრეთ პერუს უდაბნოში მრავალ საიდუმლოს ეხდება ფარდა.
ასეულობით წლის წინ, უდაბნოს შემოგარენში მცხოვრებმა ხალხმა მიწაზე უზარმაზარი ხაზები გაავლო, რათა დაეხატა სურათები და სიმბოლოები, რომლებიც სრულად მხოლოდ ციდან აღიქმება. ეს გახლავთ ნასკას გლიფები, იგივე ნასკას ხაზები — იდუმალი გამოსახულებები, რომელთა დანიშნულებაც არქეოლოგებს აღმოჩენის დღიდან აგდებს საგონებელში.
1940-იანი წლებიდან დღემდე, ამ მშრალ პლატოზე, რომელსაც ნასკა-პამპას უწოდებენ, 430 გლიფი, ანუ რელიეფურად ამოკვეთილი ფიგურა იყო აღმოჩენილი.
ახლახან, დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც იაპონიის იამაგატის უნივერსიტეტის არქეოლოგი და ანთროპოლოგი მასატი საკაი ხელმძღვანელობდა, სულ რაღაც ექვს თვეში კიდევ 303 ნახატი აღმოაჩინა. შედეგად, მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.
აღმოჩენა ახალ ცნობებს გვაწვდის ამ იდუმალ სიმბოლოთა დანიშნულების შესახებ.
„გეოგლიფების შექმნის მიზანი ამდენ ხანს იმიტომ რჩებოდა უცნობი, რომ წინა კვლევებს აკლდა საბაზისო ინფორმაცია გეოგლიფთა გადანაწილებისა და ტიპების შესახებ. თუმცა, ამ კვლევაში, საველე სამუშაოებში გამოყენებული ხელოვნური ინტელექტისა და დისტანციური ზონდირების წყალობით, დაზუსტდა მათი გადანაწილება. შედეგად, შევძელით და ნათელი მოვფინეთ მათი შექმნის მიზანს“, — ამბობს საკაი.
მკვლევართა აზრით, მიზანი წმინდა იყო — წარმოადგენდა კაუაჩის მოლოცვის ნაწილს; კაუაჩი იყო ნასკას კულტურის საცერემონიო ცენტრი, რომელიც მაღლობიდან გადმოჰყურებს ზოგიერთ გლიფს.
გლიფების აღმოჩენა რამდენიმე მიზეზის გამო იყო რთული. ერთ-ერთი ის არის, რომ ისინი ძვ. წ. 500 წლიდან ახ. წ. 500 წლამდე პერიოდშია პლატოზე ამოკვეთილი; ამინდის ზემოქმედების შედეგად, ასეულობით წლის განმავლობაში, მათი ხილვადობა ძლიერ შემცირდა.
კიდევ ერთი დაბრკოლებაა ნასკა-პამპას უზარმაზარი ზომა, რაც საველე სამუშაოებს ართულებს.
„ვინაიდან ნასკას უდაბნო ასე დიდია, 400 კვადრატული კილომეტრი, ტრადიციული არქეოლოგიური მეთოდებით კვლევას დიდი დრო სჭირდება“, — განმარტავს საკაი.
ნასკა-პამპას საკვლევად საკაი დისტანციურ ზონდირებას 2004 წლიდან იყენებს. წინა კვლევებში, წლების განმავლობაში, მან და მისმა კოლეგებმა 318 ახალი გლიფი აღმოაჩინეს (ასე გახდა ჯამში 430).
თვალით საკმაოდ კარგად გასარჩევია ნიშნები, რომლებიც თითქმის წაშლილ სიმბოლოებს გამოსახავს, მაგრამ მკვლევრებმა იფიქრეს, რომ ხელოვნურ ინტელექტს ნასკას უდაბნოში ისეთი ნიშნების გამოვლენაც უნდა მოეხერხებინა, რომლებიც წინა დაკვირვებებში ვერ შენიშნეს.
ამიტომ, საკაიმ და მისმა კოლეგებმა IBM Thomas J. Watson Research Center-თან ერთად შექმნეს ალგორითმი, რომელსაც დრონის ფოტოებში მკრთალი გლიფები უნდა გამოერჩია.
აღმოჩენილი 303 გლიფიდან ნახევარზე მეტი, 178 ხელოვნურმა ინტელექტმა იპოვა, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო ამ ხელსაწყოს სიმძლავრე ასეთ კვლევებში.
ახალი გლიფები მიეკუთვნება კატეგორიას, რომელსაც რელიეფის ტიპის გეოგლიფებს უწოდებენ. ისინი ზომით პატარაა და უფრო ძნელად შესამჩნევი, ვიდრე დიდი, ხაზის ტიპის გეოგლიფები. აქამდე აღმოჩენილი 430 გლიფიდან 380 რელიეფის ტიპისაა, 50 კი ხაზის ტიპის.
ორივე ტიპის გლიფები სხვადასხვა საგანს ასახავს. რელიეფის ტიპის გლიფები ძირითადად გამოსახავს ადამიანებსა და შინაურ ცხოველებს, ხაზის ტიპის გლიფები კი გარეულ ცხოველებს. თუმცა, მათი ზომა, განლაგება და გადანაწილება ასევე მიგვანიშნებს, რა დანიშნულებით შეიძლება იყენებდნენ მათ.
„რელიეფური ტიპის გეოგლიფების შემთხვევაში, მათი დანახვა შესაძლებელია, თუკი ბილიკებს გაუყვებით. შესაბამისად, მჯერა, რომ ეს ბილიკები იმისათვის შექმნეს, რათა მათზე მოსიარულე ხალხს რელიეფური ტიპის გეოგლიფების დანახვა შესძლებოდათ“, — ამბობს საკაი.
მისი განცხადებით, მეორე მხრივ, ხაზის ტიპის გეოგლიფები კონცენტრირებულია ამ გლიფების ქსელის საწყის და სასრულ წერტილთა გარშემო. ეს ქსელი უერთდება კაუაჩის საცერემონიო ცენტრსა და წმინდა ადგილებს; შესაბამისად, მკვლევრებს სჯერათ, რომ ხალხი ამ ქსელს მიუყვებოდა.
კაუაჩი განსაკუთრებით გამოირჩეოდა პილიგრიმთა სიმრავლით; ალიზით ნაგებ ამ არტქიტექტურულ კომპლექსში იმართებოდა შეკრებელი და ცერემონიები, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცით, ზუსტად როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი და რატომ იყო ის ასე გამორჩეული.
თუმცა, ამის მინიშნება შეიძლება გეოგლიფებში ვიპოვოთ. ახლა, როცა უკვე 700-ზე მეტი გლიფია აღმოჩენილი, შეიძლება, უფრო კონკრეტული პასუხებიც მივიღოთ. საკაის იმედი აქვს, რომ მისი კვლევების შემდეგი ეტაპი სწორედ ეს იქნება.
„უძველეს ანდურ ცივილიზაციებში, სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგჯერ გამოსახულებების კომბინაციითა და განლაგებით გადაიცემოდა. ვფიქრობ, ნასკას უდაბნოში ინფორმაცია გეოგლიფების განლაგებითა და კომბინაციით იყო გადმოცემული. მსურს, ეს ინფორმაცია გავშიფრო“, — აღნიშნავს საკაი.
კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.