ნასას ხომალდი დღეს შორეულ ასტეროიდზე დაჯდება და ნიმუშებს აიღებს, უყურეთ პროცესს პირდაპირ ეთერში — #1tvმეცნიერება
ნასას ხომალდი დღეს შორეულ ასტეროიდზე დაჯდება და ნიმუშებს აიღებს, უყურეთ პროცესს პირდაპირ ეთერში — #1tvმეცნიერება

21 ოქტომბერს, არიზონის უნივერსიტეტისა და ნასას მისია, სახელად OSIRIS-REx-ი, რომელზეც ისინი 16 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, ჩვენგან 320 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარე ასტეროიდის ზედაპირთან შეხებას და მისი ქანების ნიმუშების აღებას შეეცდება.

OSIRIS-REx-ი აშშ-ის პირველი მისიაა, რომელმაც ასტეროიდიდან დედამიწაზე ნიმუშები უნდა ჩამოიტანოს. ეს გახლავთ ასტეროიდი ბენუ, რომელიც მზის გარშემო 101 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ხომალდი გაშლის 3 მეტრის სიგრძის რობოტულ მკლავს, სახელად TAGSAM-ს, შეახებს ასტეროიდს და მისი საშუალებით, დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, ასტეროიდის ზედაპირიდან შეაგროვებს ფხვიერ მასალას. ამის შემდეგ, ხომალდი, რომელსაც მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი დედამიწიდან აკონტროლებს, ნიმუშებს საიმედოდ შეინახავს და დედამიწაზე გამოგზავნისთვის მზადებას დაიწყებს, რაც 2023 წელს უნდა მოხდეს.

ნიმუშების აღების მანევრს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ნასას ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:00 საათზე, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდზე.

რა შეუძლია გვასწავლოს ასტეროიდ ბენუს

ასტეროიდები იმ უძველეს მასალათა რელიკვიებია, რომლისგანაც მზის სისტემა წარმოიქმნა; ასეთი ნიმუშების შესწავლა კი მეცნიერებს შეიძლება დაეხმაროს, პასუხი გასცენ ფუნდამენტურ კითხვებს მზის სისტემის წარმოშობის შესახებ. გარდა ამისა, ბენუ დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდად ითვლება, ჩვენს პლანეტასთან 2100-იანი წლების ბოლოს შეჯახების შესაძლო რისკით; შესაბამისად, მისია ასევე შეისწავლის იმ გზებს, რომლითაც შეიძლება, ასეთი შეჯახება თავიდან ავიცილოთ.

თუმცა, OSIRIS-REx-ის მისიის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიზანი მაინც რესურსების იდენტიფიცირებაა, ანუ, ბენუს ქიმიური შემადგენლობის დადგენაა, რათა გავიგოთ, აქვთ თუ არა მათ რაკეტებისათვის საჭირო საწვავის წარმოების პოტენციალი.

მიუხედავად იმისა, რომ OSIRIS-REx-ი ნასას პირველი მისიაა, რომელიც ასტეროიდის ნიმუშების შეგროვებას შეეცდება, ამისათვის საჭირო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცოდნა მანამდე ათწლეულების განმავლობაში წარმოებულ კვლევათა შედეგია. 1990-იანი წლების დასაწყისში, ნასას ხომალდმა „გალილეომ“ ასტეროიდებს — გასპრასა და იდას გადაუფრინა. 2000 წელს, ხომალდი NEAR Shoemaker-ი ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი გახდა, რომელიც ასტეროიდის ორბიტაზე გავიდა და შემდეგ მის ზედაპირზე დაჯდა. ნასას ხომალდი Dawn-ი, მისიის პირველ ნაწილში, 2012 წლამდე, ვიდრე ჯუჯა პლანეტა ცერერასკენ გაემართებოდა, დეტალურად იკვლევდა ასტეროიდ ვესტას.

2010 წელს, იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA), საკუთარ ხომალდ „ჰაიაბუსას“ მეშვეობით ასტეროიდიდან მცირე ოდენობით მტვრის ნიმუში მიიღო.

გასული წლის ბოლოს კი, JAXA-ს ხომალდი „ჰაიაბუსა-2“ წარმატებით დაჯდა ასტეროიდ რიუგუზე და ნიმუშებიც აიღო. ხომალდი დედამიწაზე 2020 წლის დეკემბერში დაბრუნდება.

OSIRIS-REx-ი ფლოროდიდან, კანავერალის კონცხიდან 2016 წლის 8 სექტემბერს გაუშვეს. ასტეროიდ ბენუსთან ის 2018 წლის დეკემბერში მივიდა. მას შემდეგ, ინჟინრებმა ის ასტეროიდთან ძალიან ახლოს მიიყვანეს და რამდენიმე რეპეტიცია განახორციელეს.

როდესაც ჯგუფმა მისიისთვის ბენუ შეარჩია, იმედოვნებდნენ, რომ მას ქვიშიანი ზედაპირი ექნებოდა, მაგრამ როდესაც ხომალდი მას მიუახლოვდა და ასობით ფოტო გადაუღო, აღმოჩნდა, რომ მისი ზედაპირი უხეში, ქვებით მოფენილია.

მას შემდეგ, ფოტოებზე ჯგუფი ეძებდა ადგილს ასტეროიდზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ხომალდის შეხება ქვებთან შეჯახების გარეშე და ფხვიერი მასალის აღება. 2019 წლის დეკემბერში, მეცნიერებმა ასეთ ადგილს მიაგნეს, ჩოგბურთის მოდენის ზომის შედარებით ახალგაზრდა კრატერს, რომლის ერთ კიდეზეც ორსართულიანი შენობის ზომის ლოდი გდია.

კრატერის ერთ პატარა ადგილზე ჯგუფმა შენიშნა ნაშალი მასალა, რომლიდანაც ხომალდმა ნიმუშის აღება უნდა შეძლოს.

თუმცა, 21 ოქტომბერს შეიძლება ეს მცდელობა კრახით დასრულდეს. ხომალდის რობოტული მკლავი ნაშალი მასალის ნაცვლად შეიძლება ქვებს შეეჯახოს და სათანადო ოდენობის ნიმუში ვერ აიღოს.

ნიმუშებისთვის განკუთვნილი კონტეინერი პატარა მონეტის ზომის არის და არ არის გამორიცხული ისიც, რომ მასში რაღაც უფრო დიდი გაიჭედოს. ასეთ შორ მანძილზე ყველაფრის ზედმიწევნით გათვლა ურთულესია.

მიუხედავად ასეთი რისკისა, მკვლევრები მაინც ოპტიმიზმს ინარჩუნებენ. პროცესს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში, 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:00 საათზე, ნასას ვებგბერდზე.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.