NASA-ს მარსმავალ „პერსევერანსის“ მეცნიერთა განცხადებით, წითელი პლანეტის უძველესი, დამშრალი მდინარის დელტაში მავალმა ორგანული ქანების რამდენიმე ნიმუში შეაგროვა.
მავალმა ნიმუშები უკვე შეინახა სამომავლო მისიისთვის, რომელმაც ისინი დედამიწაზე უნდა ჩამოიტანოს.
„ქანების ნიმუშებს, რომლებსაც დელტაში ვსწავლობთ, ორგანული მასალების უმაღლესი კონცენტრაცია აქვს მათ შორის, რაც კი ამ მისიის ფარგლებში აქამდე გვიპოვია. ორგანული მოლეკულები სიცოცხლის საშენი მასალაა და შესაბამისად, ძალიან საინტერესოა, რომ ხელთ გვაქვს ის ქანები, რომლებიც ორგანულ მასალათა შემცველ ტბაში, სიცოცხლისთვის ხელსაყრელ გარემოში დაილექა“, — ამბობს პერსევერანსის პროექტის მეცნიერი კენ ფარლი.
უძველესი, დამშრალი ტბის ფსკერზე, ასევე დამშრალი მდინარის დელტაში, მავალმა უკვე 12 ნიმუში აიღო. ადგილი, სადაც პერსევერანსი ამჟამად იმყოფება, დაახლოებით 3,5 მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი დელტაა, სადაც მარსული მდინარე ტბას უერთდებოდა.
პერსევერანსი ამჟამად დელტის დანალექოვან ქანებს იკვლევს, რომელიც მაშინ წარმოიქმნა, როცა სხვადასხვა ზომის ნაწილაკები ერთ დროს წყლიან გარემოში დაილექა. პირველი სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, მავალმა შეისწავლა კრატერის ფსკერი, იპოვა ვულკანური ქვა, რომელიც ღრმად, ზედაპირქვეშ, მაგმისგან წარმოიქმნება ან ზედაპირზე ვულკანური აქტივობისას.
ახლა. მეორე სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, მავალი დელტას სწავლობს, სადაც მან ორგანული მასალები იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მარსზე ორგანული მასალები აქამდეც არის აღმოჩენილი, როგორც პერსევერანსის, ისე კურიოზიტის მიერ, ახალი აღმოჩენა იმ ზონაში გაკეთდა, სადაც შორეულ წარსულში დანალექები და მარილები ტბაში ილექებოდა, გარემოში, რომელში პოტენციურად სიცოცხლეც შეიძლება არსებობდა.
კენ ფარლის განცხადებით, აღმოაჩინეს ქვიშაქვა, რომელიც შეიცავს ეზეროს კრატერიდან შორს წარმოქმნილ მარცვლებს და ქანის ფრაგმენტებს; ასევე აღმოჩენილია თიხის ქვა, რომელიც დამაინტრიგებელ ორგანულ ნაერთებს შეიცავს.
დაახლოებით მეტრის სიგანის ქვა სავარაუდოდ მილიარდობით წლის წინ არის წარმოქმნილი, აორთქლებად, მლაშე ტბაში ტალახისა და სუფთა ქვიშისა დალექვის შედეგად; ამ ქვას მეცნიერებმა „ველური კატის ხერხემალი“ უწოდეს.
20 ივლისს, მავალმა „ველური კატის ხერხემლის“ ნაწილი გაბურღა, რათა აღებული ნიმუში საკუთარი ინსტრუმენტებით შეესწავლა.
ინსტრუმენტ SHERLOC-ის მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა ცხადყო, რომ ნიმუში შეიცავს ორგანულ მოლეკულათა კლასს, რომელიც სულფატ მინერალებთან არის დაკავშირებული. დანალექოვანი ქანის ფენებში აღმოჩენილ სულფატ მინერალებს შეუძლია ბევრი ინფორმაცია მოგვცეს იმ წყლიანი გარემოს შესახებ, რომელშიც ის არის წარმოქმნილი.
„ეს ურთიერთკავშირი მიუთითებს, რომ როდესაც ტბა აორთქლდა, დაილექა როგორც სულფატები, ისე ორგანული ნივთიერებები, რომლებიც ამ ზონაში კონცენტრირდა და შემოინახა. ასეთი შედეგები პირადად მე იმიტომ მახარებს, რომ ვხვდები, სწორ ადგილას ვართ, შესაბამისი ხელსაწყოებით, ძალიან სწორ მომენტში“, — ამბობს SHERLOC-ის მეცნიერი სუნანდა შარმა.
NASA-ს განცხადებით, ორგანული მოლეკულები შეიცავს ნაერთთა ფართო ნაირსახეობებს, რომლებიც ძირითადად წარმოქმნილია ნახშირბადისგან და ძირითადად შეიცავს წყალბადისა და ჟანგბადის ატომებს. ისინი ასევე შეიძლება შეიცავდეს სხვა ელემენტებს, მაგალითად, აზოტს, ფოსფორსა და გოგირდს.
მართალია, არსებობს ქიმიური პროცესები, რომლებიც ამ მოლეკულებს სიცოცხლის საჭიროების გარეშე წარმოქმნის, ზოგიერთი ეს ნაერთი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც სიცოცხლის საშენი მასალებია. ამ სპეციფიკურ მოლეკულათა არსებობა პოტენციურ ბიოხელწერად მიიჩნევა; ბიოხელწერას უწოდებენ ნივთიერებას ან სტრუქტურას, რომელიც შეიძლება წარსულში არსებული სიცოცხლის მტკიცებულება იყოს.
„პერსევერანსისთვის ეზეროს კრატერი საკვლევად იმიტომ შევარჩიეთ, რომ იქ მეცნიერული თვალსაზრისით ბრწყინვალე ნიმუშების არსებობს საუკეთესო შანსი იყო; ახლა კი უკვე ვიცით, რომ მავალი სწორ ადგილას გავგზავნეთ. პირველმა ორმა სამეცნიერო კამპანიამ საოცრად მრავალფეროვანი ნიმუშები მოგვცა, რომლებიც მომავლის მისიამ დედამიწაზე უნდა ჩამოიტანოს“, — ამბობს NASA-ს ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუკენი.
NASA და ევროპის კოსმოსურ სააგენტო (ESA) ამჟამად მუშაობენ მისიაზე, რომელმაც მარსის ნიმუშები დედამიწაზე უნდა ჩამოიტანოს დეტალური კვლევებისთვის. ამ ეტაპზე განიხილება მისია სახელად Sample Return Lander-ი, რომელიც ეზეროს კრატერში უნდა დაჯდეს, ჩაიტანოს პატარა რაკეტა, რომელშიც პერსევერანსის მიერ აღებული და შენახული ნიმუშები უნდა გადაიტვირთოს.
მარსის ზედაპირზე ნიმუშებს აიღებს „ინჯენუიტის“ მსგავსი ორი ვერტმფრენიც. მას შემდეგ, რაც ნიმუშებით დატვირთული რაკეტა მარსის ზედაპირიდან აფრინდება, ორბიტაზე მას სხვა ხომალდი დაიჭერს და დედამიწაზე წამოიღებს, დაახლოებით 2030-იანი წლების შუა პერიოდში.
ამ ნიმუშებმა შეიძლება პასუხი გასცეს მთავარ კითხვას: არსებობდა თუ არა ოდესმე მარსზე სიცოცხლე?
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.