NASA-ს მავალმა მარსზე აქამდე უცნობი ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა — #1tvმეცნიერება
ახალი ექსპერიმენტის გამოყენებით, NASA-ს მარსმავალმა კურიოზიტიმ წითელ პლანეტაზე ამ დრომდე დაუფიქსირებელი ორგანული მოლეკულების კვალი აღმოაჩინა.
ქვიშაში იდენტიფიცირებულ არც ერთ ამ მოლეკულას სიცოცხლის ცალსახა ნიშანი არ აქვს, მაგრამ მიუთითებენ, რომ ახალი მეთოდი, რომელიც გაბურღვას არ მოითხოვს, ეფექტიანი ხელსაწყოა ნახშირბადზე დაფუძნებულ მოლეკულათა საძებნელად; ეს მოლეკულები კი სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის მნიშვნელოვანი სამშენებლო ბლოკებია.
2016 წლის ბოლოს, როდესაც „კურიოზიტი“ შარპის მთის ძირში ქანების ნიმუშების ასაღებად ემზადებოდა, მისმა საბურღმა ხელსაწყომ მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა.
ხარვეზის აღმოფხვრამდე მისიის დაპაუზების ნაცვლად, NASA-ს მკვლევრებმა მიდგომა შეცვალეს.
ქვიშის ნიმუშების მტვერვით დაფქვის სანაცვლოდ, უკვე აღებული ფხვიერი ქვიშის მცირე ნაწილი მავალის „სველ ქიმიურ ლაბორატორიაში“ გადაიტანეს.
ამ საბორტო ლაბორატორიის შემადგენლობაში შედის გამხსნელის მხოლოდ ცხრა ჭურჭელი, რომელთაგან თითოეულის გამოყენება მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი; შესაბამისად, მკვლევრებს ნამდვილად გულდასმით უნდა შეერჩიათ, რომელი ნიმუში გამოეყენებინათ საბოლოოდ.
მარსის ქანებში ორგანული ნაერთების დაფიქსირება საკმაოდ ძნელია, რადგან გაცხელებისას ისინი მარტივ მოლეკულებად იშლებიან.
თუმცა, თუ ეს ნაერთები ჯერ სხვა ქიმიურ ნივთიერებებთანაც ურთიერთქმედებს, უფრო მეტად არის შანსი, რომ ისინი გაზის ქრომატოგრაფსა და მასის სპექტრომეტრში შეიტანონ, რათა დაშლის გარეშე ჩაუტარდეთ ანალიზები.
კურიოზიტის ცხრა გამხსნელი ჭურჭელი ჭკვიანურად შექმნილი სისტემაა, რომელიც მარსის ქანების სწრაფი ანალიზის საშუალებას იძლევა. თუმცა, 2016 წლის ბოლოსაც კი, ეს სისტემა ჯერ გამოყენებული არ იყო.
NASA-ს ჯგუფი სულაც არ ელოდა, რომ ქვიშის ნიმუშები ორგანულად მდიდარი იქნებოდა, მაგრამ არც იმაში იყვნენ დარწმუნებული, კიდევ შეძლებდა თუ არა კურიოზიტი ოდესმე გაბურღვას. შესაბამისად, ცდად ნამდვილად ღირდა.
პირველივე ნიმუშში მკვლევრებმა რამდენიმე ორგანული ნაერთი იპოვეს, მათ შორის ამიაკი და ბენზოის მჟავა. ეს ორგანული ნაერთი კი მარსზე იქამდე არასოდეს იყო დაფიქსირებული.
ახლახან, რამდენიმე წლის შემდეგ, ამ კვლევის შედეგები რეცენზირდა და გამოქვეყნდა.
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ამ ორგანულ მოლეკულათა არსებობა აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ მარსზე ერთ დროს სიცოცხლე იყო; ამას გარდა, ნიმუშებში არ დაფიქსირებულა ამინომჟავის წარმოებულები.
თუმცა, ყველაზე ამაღელვებელი ის არის, რომ ამ ახალი მეთოდის გამოყენება ახლა უკვე შესაძლებელია სიცოცხლის ნიშნების საძებნელად, გაბურღვის უნარის გარეშე კი.
„მარსზე ჩატარებულმა ამ ექსპერიმენტმა გააფართოვა მარსის ქანების ნიმუშებში ჩვენთვის ცნობილი მოლეკულების რაოდენობა და შემოგვთავაზა მძლავრი ხელსაწყო, რომელსაც ბიოტური ან პრებიოტური ორგანული მოლეკულების მოძებნაც შეუძლია“, — წერს NASA-ს მკვლევართა ჯგუფი.
ერთი წლის შემდეგ, ინჟინრებმა დედამიწიდან შეძლეს კურიოზიტის საბურღი მოწყობილობის შეკეთება.
სულ მალე ახალი ანალიზებიც დაიწყება.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.