NASA-მ კიდევ ერთხელ დაწერა ისტორია. რამდენიმე წლისა და 6,21-მილიარდი კილომეტრის ფრენის შემდეგ, აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ზონდმა OSIRIS-REx-მა დედამიწაზე ჩამოიტანა კაფსულა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს უძვირფასესი მტვერია მოთავსებული.
მიღწევა უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესია და მთავარი სამუშაოები სწორედ ახლა დაიწყება.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ამ კოსმოსური მტვრის ანალიზი ახალ ინფორმაციას მოგვცემს მზის სისტემის დაბადების შესახებ, ასევე იმასაც, როგორ მოხვდა დედამიწაზე სიცოცხლის სამშენებლო მასალები.
„ამაღელვებელი დღეა არა მხოლოდ OSIRIS-REx-ის, არამედ მთლიანად მეცნიერებისთვის. ასტეროიდ ბენუდან ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა ნიშანია იმისა, რა შეიძლება მოხერხდეს ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებისას. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს შეიძლება ამ მისიის დასასრული იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ყველაფერი ახლა იწყება. ახლა უკვე ხელთ გვაქვს უპრეცედენტო შესაძლებლობა ნიმუშების ანალიზისა და მზის სისტემის საიდუმლოებში ღრმად ჩახედვისა“, — ამბობს დანტე ლორეტა, OSIRIS-REx-ის მისიის მკვლევარი არიზონის უნივერსიტეტიდან.
კაფსულა იუტის უდაბნოში დაეშვა და დაუყოვნებლივ გადაიტანეს პორტატულ სუფთა ობიექტში, რათა მინიმუმამდე დაეყვანათ დედამიწისეული დაბინძურების რისკი. კაფსულაში მოთავსებულია ასტეროიდიდან აღებული 250 გრამი მასალა.
სუფთა ობიექტში მხოლოდ ექვსი ადამიანი დაუშვეს, რომლებიც შესაბამისად იყვნენ ჩაცმული, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით. მათი მისია იყო კაფსულის ამოღება, მაგრამ არა გახსნა, რის შემდეგაც, მას NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ფრენათა ცენტრში წაიღებენ.
იქ მეცნიერები კაფსულას ფრთხილად გახსნიან, გაზომავენ ნიმუშების რაოდენობას და სამეცნიერო ანალიზებისთვის მზადებას დაიწყებენ. ნიმუშებს მთელ მსოფლიოში გაუნაწილებენ მეცნიერებს, სხვადასხვა სახის ანალიზებისთვის. პირველადი ანალიზის შედეგებს NASA 11 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.
ქანების ნიმუში ძალიან ძვირფასია, რადგან წარმოადგენს ადრეული მზის სისტემის ხელუხლებელ ჩანაწერს. მიჩნეულია, რომ ასტეროიდ ბენუს მსგავსი კოსმოსური ობიექტები წარმოქმნიდან დღემდე თითქმის არ შეცვლილა; ისინი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნენ.
კოსმოსური ქანების ნიმუშები დედამიწაზე უკვე გვაქვს, ძირითადად დედამიწაზე ჩამოცვენილი მეტეორიტების სახით, მაგრამ OSIRIS-REx-ის მიერ ბენუდან მოტანილი ნიმუში მართლაც ზედმეტად გამორჩეულია.
„ეს ნიმუშები ჩვენს ხელთ არსებული ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქანებია. მეტეორიტებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჩამოვარდნისას სწრაფად აბინძურებს დედამიწის ატმოსფერო, წყალი და ბიოტა, ეს ქანები ხელუხლებელია. შესაბამისად, ჩვენ მზის სისტემის უძველესი ობიექტის ნიმუშებს შევისწავლით“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის მინერალოგი ნიკ ტიმსი.
მისი განცხადებით, უზარმაზარ ცნობებს მივიღებთ იმ პერიოდის შესახებ, როდესაც მზის სისტემა ჯერ მხოლოდ გაზი და მტვერი იყო; გავიგებთ იმ პროცესებსაც, რომლებმაც წარმოქმნა პლანეტები და დედამიწაზე სიცოცხლის საშენი მასალები.
დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ინგრედიენტების მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი მოდელის მიხედვით, ისინი აქ მზის სისტემის ადრეულ ისტორიაში, ასტეროიდთა დაცემის შედეგად მოხვდნენ. ხელუხლებელი ასტეროიდის შესწავლით, მეცნიერებს ამ მოდელის შემოწმება შეეძლებათ.
ასევე გავიგებთ, რომელი მინერალები და მოლეკულები დაცურავდნენ ადრეულ მზის სისტემაში. აქამდე, ასტეროიდიდან დედამიწაზე ნიმუშები მხოლოდ ორ მისას აქვს ჩამოტანილი და ორივე მათგანი იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ განახორციელა.
2010 წელს, ხომალდმა ჰაიაბუსამ მილიგრამზე ნაკლები ნიმუში ჩამოიტანა ასტეროიდ იტოკავადან. მაშინ ხომალდს ნიმუშების აღების მექანიზმი დაუზიანდა და მეტი უბრალოდ ვერ შეძლო. შემდეგ, 2020 წელს, მისია ჰაიაბუსა-2-მა 5,4 გრამი მასალა ჩამოიტანა ასტეროიდ რიუგუდან.
ამ ნიმუშებში მეცნიერებმა იპოვეს მზის სისტემაზე უფრო ძველი ვარსკვლავური მტვერი, სიცოცხლის საშენი მასალები — რნმ-ის კომპონენტი, ორგანული მოლეკულები; ასევე დადგინდა ისიც, რომ რიუგუ არშემდგარი, „ჩვილი“ პლანეტა იყო მზის სისტემის გარე ნაწილში.
ახლა, როცა მეცნიერებს თითქმის 50-ჯერ მეტი ნიმუში აქვთ, იმედოვნებენ, რომ ასტეროიდ ბენუს შესწავლით კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოებს ახდიან ფარდას.
„ყველაფერი ეხება ჩვენს წარმოშობას. შეგვეძლება პასუხი გავცეთ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კითხვებს, რომლებსაც საკუთარ თავს ვუსვამთ: საიდან მოვდივართ? ვართ თუ არა მარტონი სამყაროში?“, — ამბობდა ლორეტა ჯერ კიდევ 2020 წელს.
მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.