NASA-ს ხომალდი მზეს რეკორდულ მანძილზე მიუახლოვდა
NASA-ს ხომალდი მზეს რეკორდულ მანძილზე მიუახლოვდა

NASA-ს პარკერის მზის ზონდმა ისტორია დაწერა — ის კაცობრიობის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი გახდა, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს მივიდა.

29 ოქტომბერს მან დაძლია წინა რეკორდი, 42,73 მილიონი კილომეტრი მზის ზედაპირიდან.

პროექტის მენეჯერის, ენდი დრისმენის განცხადებით, პარკერის გაშვებიდან ჯერ მხოლოდ 78 დღე გავიდა, მაგრამ ხომალდი უკვე ისე ახლოს მივიდა ჩვენს ვარსკვლავთან, როგორც არც ერთი სხვა ხომალდი ისტორიაში.

წინა რეკორდი 1976 წელს დაამყარა გერმანულ-ამერიკულმა პროექტმა ჰელიოს 2-მა. პარკერის მსგავსად, ზონდი ჰელიოს 2-იც მზის ორბიტაზე გაუშვეს, რათა კარგად შეესწავლა ჩვენს დედავარსკვლავში მიმდინარე პროცესები.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1976 წლის აპრილში ჰელიოს 2-მა ასევე დაამყარა ჰელიოცენტრული ორბიტის სიჩქარის რეკორდი, 246,960 კმ/სთ. პარკერმა ჰელიოს 2-ის ეს რეკორდიც უნდა მოხსნას.

1,5$ მილიარდად ღირებული მისია ამ რეკორდებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, ხომალდი მზეს 24 ჯერ გადაუფრენს. ყოველი გადაფრენისას ის ჩვენს ვარსკვლავთან სულ უფრო ახლოს მივა და დეტალურად შეისწავლის.

2025 წელს ზონდი საბოლოოდ გადაუფრენს მზეს უკიდურესად ახლო მანძილიდან — ზედაპირიდან 6,16 მლნ კილომეტრის მანძილზე. NASA-ს განცხადებით, მზის გრავიტაცია ხომალდს თანდათანობით უფრო ააჩქარებს, 690 000 კმ/სთ-მდე.

მზის სიცხისა და ძლიერი რადიაციისგან დასაცავად, ხომალდი აგებულია ნახშირბადის სპეციალური მასალით.

მისი ინსტრუმენტები განახორციელებენ სხვადასხვა სახის კვლევას. მიღებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერები უკეთესად შეისწავლიან მზის სტრუქტურას, შემადგენლობასა და აქტივობას. გარდა ამისა, უნდა ამოიხსნას დიდი ხნის საიდუმლოც — რატომ არის მზის გარე ატმოსფერო, ანუ გვირგვინი გაცილებით უფრო ცხელი, ვიდრე ზედაპირი. უნდა გაირკვეს ისიც, რა ანიჭებს მზის ქარის დამუხტულ ნაწილაკებს წარმოუდგენლად დიდ სიჩქარეს.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.