ნეპტუნის ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი ტრიტონი 1846 წელს აღმოაჩინეს; მას შემდეგ მის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ შევიტყვეთ, თუმცა, უცნობი კვლავ მაინც მრავალი დეტალი რჩება. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ტრიტონი ოკეანითაა დაფარული, რომელშიც შესაძლოა, სიცოცხლეც იყოს.
სულ მალე, შეიძლება ყველაფერი უფრო უკეთესად გავარკვიოთ. ნასას აქვს გეგმა, რომელიც ტრიტონზე ხომალდის, სახელად „ტრიდენტის“ გაგზავნას გულისხმობს. მისი მთავარი მიზანი იმის გარკვევა იქნება, არის თუ არა ეს მთვარე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ამ ხომალდის ღირებულება საკმაოდ დაბალი იქნება და ხარჯების თვალსაზრისით არ უნდა იყოს მთვარის პატარა მისიაზე მეტი.
ჰიუსტონის მთვარისა და პლანეტარული ინსტიტუტის მკვლევრის, ლუის პროქტერის განცხადებით, დროა, ნასამ იაფიანი მისიები დაიწყოს. მისივე თქმით, მისია უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან შეაფასებს ტრიტონის სიცოცხლისუნარიანობას.
გარდა იმისა, რომ „ტრიდენტი“ ტრიტონს გადაუფრენს, მანამდე ასევე მოინახულებს იუპიტერის მთვარე იოს.
ნეპტუნის ბოლო, ახლო კადრები 1989 წელს გადაიღო ნასას ხომალდმა „ვოიაჯერ-2“. ის პირველი ხომალდი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც ნეპტუნს გადაუფრინა.
შეთავაზებული მისიის პროექტის მეცნიერის, კარლ მიტჩელის განცხადებით, „ვოიაჯერ-2“ 1970-იანი წლების ტექნოლოგიით იყო აგებული, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან დაახლოებით იგივეა, ფაქსის მოწყობილობას რომ ტელევიზიის კამერა მივაბათ.
გამომდინარე აქედან, დღევანდელი ტექნოლოგიებით ნეპტუნის სისტემის შესწავლა გაცილებით უკეთესად მოხდება.
მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.