NASA-მ მთვარის მისიის ასტრონავტები დაასახელა — #1tvმეცნიერება
12:39, 04.04.2023
NASA-მ მთვარეზე ადამიანთა მისიის ეკიპაჟი წარმოადგინა. მათ შორის არის პირველი ქალი და შავკანიანი მამაკაცი, რომლებიც ღრმა კოსმოსში გაემგზავრებიან. ადამიანთა ბოლო მისია მთვარეზე 1972 წელს შედგა.
მისია არტემის II მომავალ წელს განხორციელდება და მთვარეს შემოუფრენს გარშემო. მისიის სპეციალისტი იქნება NASA-ს ასტრონავტი კრისტინა კოხი, რომელსაც უკვე ეკუთვნის ქალებს შორის კოსმოსში ყველაზე ხანგრძლივად ყოფნის რეკორდი.
ხომალდი Orion-ი მთვარის გარშემო 2024 წლის ნოემბერში იფრენს და მის პილოტი იქნება NASA-ს წარმომადგენელი, საზღვაო მფრინავო ვიქტორ გლოვერი, რომელიც მთვარის მისიაში მონაწილე პირველი შავკანიანი ადამიანი გახდება.
ეკიპაჟის წევრებს შორის ასევე არიან NASA-ს ვეტერანი ასტრონავტი, მისიის ხელმძღვანელი, 47 წლის რიდ უაისმენი და ყოფილი საბრძოლო პილოტი, ამჟამად კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი, 47 წლის ჯერემი ჰანსენი.
ეს სამი ამერიკელი და ერთი კანადელი პირველი ასტრონავტები გახდებიან, რომლებიც 1972 წელს აპოლოს ისტორიული მისიების დასრულების შემდეგ, ღრმა კოსმოსში გავლენ.
მისია არტემის II ადამიანთა მთვარეზე დაბრუნების ერთგვარი მოთელვაა, რასაც საბოლოოდ, მარსის მისიებიც უნდა მოჰყვეს.
სამივე ამერიკელი ასტრონავტი ნამყოფია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, კანადელი ასტრონავტისთვის კი ეს პირველი კოსმოსური ფრენა იქნება.
„მსოფლიოში უდიდესი და უმძლავრესი რაკეტა მათ წინ, ზევით, ზეცაში წაიყვანს“, — აღნიშნა ნელსონმა.
44 წლის კრისტინა კოხი ელექტროინჟინერია; საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 11 თვე გადაბმულად აქვს გატარებული და მონაწილეობა მიიღო სრულიად ქალებით დაკომპლექტებული ასტრონავტების ჯგუფის ღია კოსმოსში პირველ გასვლაში.
არტემისის პროგარამის ფარგლებში, მთვარის ზედაპირზე ადამიანებს NASA 2025 წელს გაგზავნის. კოსმოსურ სააგენტოს იმედი აქვს, რომ მთვარეზე ადამიანთა ხანგრძლივად ყოფნისთვის საჭირო ბაზას შექმნის, რომელიც ერთგვარი ტრამპლინი გახდება მარსზე მოგზაურობისთვის.
NASA-ს ხელმძღვანელის განცხადებით, მარსზე პირველი ეკიპაჟის ჩასვლას ის 2040 წლისთვის ვარაუდობს.
რაც შეეხება მისია არტემის II-ს, ის ათ დღეს გაგრძელდება და გატესტავს NASA-ს უმძლავრეს რაკეტა Space Launch System-სა და ხომალდ Orion-ში სიცოცხლისთვის აუცილებელ სისტემებს.
პროგრამა არტემისის პირველი, უპილოტო მისია შარშან, დეკემბერში განხორციელდა და კაფსულა ორიონი მთვარის გარშემო 25-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.