NASA-ს არტემის 1-მა დედამიწას და მთვარეს ფოტო გადაუღო — #1tvმეცნიერება
NASA-ს არტემის 1-მა დედამიწას და მთვარეს ფოტო გადაუღო — #1tvმეცნიერება

NASA-ს უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა „ორიონმა“, მისია „არტემის I“-ის ფარგლებში მოგზაურობისას, დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილს მიაღწია — ჩვენი პლანეტიდან 432 210 კილომეტრს. ხომალდმა დედამიწას და მთვარეს ფოტოებიც გადაუღო.

„არტემის I წარმოუდგენლად წარმატებულია და შეასრულა მთელი რიგი ისტორიული მოვლენები. საოცარია, რამდენად შეუფერხებლად მიდის ეს მისია, რომელიც ჯერ მხოლოდ ტესტია“, — ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი ბილ ნელსონი.

მისია 25 დღეს, 11 საათსა და 36 წუთს გაგრძელდება და ჯამში 2,09 მილიონ კილომეტრ მანძილს დაფარავს. კოსმოსური გამშვები სისტემა (SLS) დედამიწაზე 11 დეკემბერს დაბრუნდება.

მისია ეკიპაჟის გარეშეა. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმებაა, იმ გარემოს გატესტვა, რომელში ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო; სააგენტოს სურს დარწმუნდეს, რომ ხომალდი და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას.

არტემის 1

არტემის 1 პირველი მისიაა, რომელიც ახალი კოსმოსური გამშვები სისტემიდან (Space Launch System) გაეშვა. ის ყველაზე მძლავრი რაკეტაა, რაც კი ოდესმე გაშვებულა კოსმოსში, უფრო ძლიერი, ვიდრე აპოლოს „სატურნ V“ სისტემა, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე 1960-1970-იან წლებში მიჰყავდა.

Orion views an eclipse of the Moon and Earth

2024 წელს NASA გაუშვებს არტემის 2-ს, ამ პროექტის პირველ ეკიპაჟიან მისიას; გაშვებისას სააგენტო გამოიყენებს Space Launch System-ის რაკეტის კიდევ უფრო მძლავრ ვერსიას. ისიც ორბიტული მისია იქნება, დაახლოებით „აპოლო 8“-ის მსგავსი, რომელმაც მთვარეს წრე დაარტყა და დედამიწაზე დაბრუნდა. ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე ამჯერად უფრო მეტ დროს გაატარებენ და გატესტავენ თითქმის ყველაფერს.

2025 წლისთვის დაგეგმილია არტემის 3, რომელიც მთვარის ზედაპირზე ასტრონავტებს ჩაიყვანს. ეკიპაჟის წევრებს შორის იქნება სულ მცირე ერთი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი. კაფსულა „ორიონი“ ორბიტაზე დარჩება, მასში მყოფი ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდი Starship-ში გადასხდებიან და მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან.