NASA ანტარქტიკაში, უედელის ზღვაში მოტივტივე მართკუთხა აისბერგის გასაოცარ ფოტოს აქვეყნებს.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ობიექტის ბასრი კუთხეები და ბრტყელი ზედაპირი იმაზე მიუთითებს, რომ მყინვარულ საფარს ის ცოტა ხნის წინ მოსწყდა.
აისბერგის კიდეები ჯერ კიდევ ბასრია — როგორც ჩანს, ოკეანის ტალღებმა ყინული ჯერ ვერ გაცვითა.
მეცნიერებმა ფოტო გასულ კვირას, NASA-ს კვლევითი თვითმფრინავიდან გადაიღეს.
ასეთი ობიექტები უცხო არ არის და უფრო მეტიც, სახელიც კი გააჩნიათ — ფირფიტისებრი აისბერგები. ისინი ბრტყელი და გრძელია და წარმოიქმნება ყინულოვანი საფარის კიდეებიდან მოწყვეტის შედეგად.
NASA-ს გლაციოლოგის, კელი ბრანტის განცხადებით, მისი წარმოქმნის პროცესი დაახლოებით იმას ჰგავს, როცა ფრჩხილი ძალიან გრძელი იზრდება, დაბოლოებასთან იბზარება და ტყდება.
მისივე თქმით, ამ კონკრეტული აისბერგის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი შეხედვით, ის უზადოდ მართკუთხაა.
აისბერგი ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე, ლარსენ C-ის ყინულის შელფს მოსწყდა. ეს ზონა ბოლო წლებში განსაკუთრებულად ჩქარი ტემპით დნება.
მკვლევართა განცხადებით, ამ მართკუთხა აისბერგის სიგრძე დაახლოებით 1,6 კილომეტრია.