NASA კოსმოსის 25 საოცარ ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც ჯერ არასოდეს გვინახავს — #1tvმეცნიერება
16:58, 25.07.2024
უკვე ათწლეულებია, სამყაროს უხილავ საიდუმლოთა ამოსახსნელად NASA რენტგენულ სხივებს იყენებს.
ამ მიმართულებით მისი მთავარი ინსტრუმენტია ჩანდრას რენტგენული ობსერვატორია, რომელიც უკვე 25 წელია კოსმოსშია გაშვებული და სამყაროს იქიდან სწავლობს.
გაშვების 25 წლისთავის აღსანიშნავად, NASA-ს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორია სხვადასხვა კოსმოსური ობიექტის 25 ჯერ არნახულ ხედს აქვეყნებს.
ჩანდრას მიერ გადაღებული ს ფოტოები წარმოაჩენს, როგორ იკვლევს რენტგენული ასტრონომია სამყაროს ყველა კუთხეს. ჩანდრას მიერ შეგროვებული რენტგენის სხივების კომბინირებით სხვა კოსმოსურ და მიწისპირა ტელესკოპთა მონაცემებთან, ასტრონომებს კოსმოსის უდიდეს კითხვებზე პასუხის გაცემა უადვილდებათ.
1999 წლის 23 ივლისს, კოსმოსურმა შატლმა „კოლუმბიამ“ ჩანდრა ორბიტაზე გაიტანა. ხომალდი დედამიწის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს, დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული მანძილის თითქმის მესამედზე.
„უკვე მეოთხედი საუკუნეა, ჩანდრა საოცარ აღმოჩენებს აკეთებს. მისი გამოყენებით, ასტრონომებმა ისეთი საიდუმლოები იკვლიეს, რომელთა შესახებ არც კი ვიცოდით მაშინ, როდესაც ამ ტელესკოპს ვქმნიდით; მათ შორის არის ეგზოპლანეტები და ბნელი ენერგია“, — ამბობს ჩანდრას რენტგენული ცენტრის დირექტორი პეტ სლეინი.
რენტგენული სხივები სინათლის განსაკუთრებით შეღწევადი ტიპია, რომელიც უკიდურესად ცხელ ობიექტებსა და ძლიერ ენერგეტიკულ ფიზიკურ პროცესებს გვიჩვენებს. კოსმოსის მრავალი მომაჯადოებელი რეგიონი ძლიერ კაშკაშებს რენტგენულ სპექტრში; მათ შორის არის აფეთქებულ ვარსკვლავთა ნარჩენები და შავ ხვრელთა გარშემო მოძრავი მატერია. ვარსკვლავები, გალაქტიკები და პლანეტებიც კი გამოყოფენ რენტგენულ სხივებს, რომელთა დაფიქსირებაც ჩანდრას შეუძლია.
„ჩანდრა უდიდესი წარმატების სიმბოლოა კაცობრიობისთვის და მის მიერ ცოდნის ძიებაში. ჩანდრას გასაოცარი მიღწევები მისი გუნდის თავდადებამ გახადა შესაძლებელი“, — ამბობს ჩანდრას პროექტის მენეჯერი ენდრიუ შნელი.
ახალი ფოტოები ჩანდრას მიერ თითქმის 25 000 საათის განმავლობაში წარმოებულ დაკვირვებათა ნიმუშებია.
1976 წელს, ასტროფიზიკოსებმა რიკარდო ჯაკონიმ და ჰარვეი ტანანბაუმმა NASA-ს შესთავაზეს მისია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ჩანდრა გახდა. თანდათანობით, სწორედ ჩანდრა შეირჩა, რომელიც NASA-ს „დიდი ობსერვატორიების“ რიგებს უნდა შეერთებოდა — ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს და ამჟამად უკვე ჩამოწერილ სპიტცერის კოსმოსურ ტელესკოპს.
2002 წელს ჯაკონის ფიზიკაში ნობელის პრემია გადაეცა „ასტროფიზიკაში შეტანილი მოწინავე წვლილისთვის, რამაც კოსმოსურ რენტგენულ სხივთა წყაროების აღმოჩენა განაპირობა“.
დღეისათვის, ასტრონომები ჩანდრას მონაცემებს სხვა მძლავრი ტელესკოპების, მათ შორის ჯეიმს ვების მონაცემებს ურწყავენ. მაგალითად, შარშან, ჩანდრას და ჯეიმს ვების ერთობლივი მუშაობით აღმოაჩინეს ამ დროისათვის ცნობილი ორი ყველაზე შორეული შავი ხვრელი.