ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა პირველი აპრილიდან სისხლის სამართლის წესით დაისჯება
2019 წლის პირველი აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულადაა აღჭურვილი პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომლებიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.
„კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია ევროპის არაერთ ქვეყანაში – საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, რუმინეთში, ფინეთში, შვედეთში და ა.შ.