ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1995 წელს დაბადებული თ.გ. და 1996 წელს დაბადებული ა.ზ., თბილისში სხვადასხვა ქუჩაზე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ს.ს. და თ.გ. აკაკი წერეთლის გამზირზე დააკავეს. პოლიციამ, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – „ექსტაზი“ და „ამფეტამინი“ ამოღო. ა.ზ. კი დაკავებულია ცაბაძის ქუჩაზე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.
ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.