ნარკოლოგი - თუ პაციენტი ხედავს, რომ ესა თუ ის მედიკამენტი არ სჭირდება, მაგრამ მის მიმართ ლტოლვა ჩამოუყალიბდა, ექიმს უნდა მიმართოს
საქართველოში ძალიან პოპულარული და მოხმარებადია გარკვეული ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც ფსიქოტროპულ ნივთიერებებსაც არ მიეკუთვნებიან და ადამიანის ფსიქიკას, თუ ნერვულ სისტემას ისეთ დიდ ზიანს აყენებენ, რომ შედეგების გამოსწორება ექიმებს გვიჭირს, – განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექიმმა-ნარკოლოგმა, ხათუნა თოდაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხდებიან თუ არა ადამიანები ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე დამოკიდებული, ხათუნა თოდაძემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ნივთიერებას მოიხმარს პაციენტი.
„არიან ისეთი ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მოიხმარენ და ვერ აცნობიერებენ, რომ ამან, შესაძლოა, დიდი ზიანი მოიტანოს“, – განაცხადა თოდაძემ.
მისი თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, მაგრამ ბოლო პერიოდში იშვიათია შემთხვევა, როცა ადამიანი მხოლოდ რომელიღაც ფსიქოტროპულ ნივთიერებას მოიხმარს.
„უფრო მეტად არის შემთხვევები, როცა ადამიანები სხვადასხვა სამკურნალო პროგრამაში არიან ჩართული და ფსიქოტროპულ ნივთიერებას ამატებენ იმ პერიოდში, როცა მათთვის სასურველ, ძირითად ნარკოტიკულ საშუალებას ვერ შოულობენ და ცდილობენ, თავი გამოიყვანონ, ან უბრალოდ, ფსიქოტროპულ და ნარკოტიკულ ნივთიერებებს უკვე კომბინირებულად იყენებენ, რათა ეფექტი გააძლიერონ“, – განაცხადა თოდაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ის ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებული გახდა, ექიმმა-ნარკოლოგმა აღნიშნა, რომ მედიკამენტებთან, ნარკოტიკებთან და თუნდაც ალკოჰოლთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, პრობლემის გაცნობიერება ხშირად იგვიანებს.
„თერაპიის პირველი ნაბიჯი სწორედ ის არის, რომ ადამიანმა პრობლემა გააცნობიეროს და აღიაროს. თუ ადამიანი ხედავს, რომ ვთქვათ, ესა თუ ის მედიკამენტი არ სჭირდება და ექიმს ის არ დაუნიშნავს, მაგრამ მედიკამენტის მიმართ ლტოლვა ჩამოუყალიბდა და ცდილობს, როგორმე იშოვოს და მიიღოს, ეს უკვე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური დამოკიდებულების მანიშნებელია და მან ექიმს უნდა მიმართოს“, – განაცხადა ხათუნა თოდაძემ.