ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საკუთარ პოზიციას სახალხო დამცველის დახმარებით გამოთქვამს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან. მათი თქმით, დეგნანი განცხადებებით შეფარულად ცდილობს, ოპოზიციას მხარი დაუჭიროს.
ორგანიზაციის დამფუძნებლის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, ელჩი სახალხო დამცველის დახმარებით გამოთქვამს საკუთარ პოზიციას.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ამერიკის ელჩს, ღიად დააფიქსიროს პოზიცია, რა სურს ამერიკას საქართველოსგან.
„კელი დეგნანის მიერ რამდენიმე დღის წინ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადების შინაარსი და ტონი, იყო მენტორული, სადაც ბრძანებით მოითხოვდა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით 100% უნდა იყოს გათვალისწინებული და ის მთლიანად ენდობა სახალხო დამცველს. იმ სახალხო დამცველს, რომელსაც ქართველი ხალხი 100%-ით თუ არა, 90%-ით მაინც უცხადებს უნდობლობას იმ თავისი მიკერძოებული პოლიტიკის გამო არა როგორც უფლებადამცველს, არამედ ის გვევლინება პოლიტიკაში ჩაბმული პირი.
კელი დეგნანი განცხადებაში პირდაპირ ამბობს, რომ რეკომენდაციები მომდინარეობს სახალხო დამცველიდან და ის ყოველთვის მხარში უდგას ისეთ მოთხოვნებს, რომელსაც აჟღერებს ოპოზიცია და რომელიც პირდაპირ არის არაკონსტიტუციური. ასეთი მოწოდებები, მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ მოდის დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, მიმართულია იმაზე, ჩამოშალოს სახელმწიფო და ამას ღიად ამბობენ თავიანთ ტექსტებში, ჩაითრიოს ომში ქვეყანა, რომელიც დასაწყისშივე ჩვენთვის არის წაგებული.
რატომ დგას კელი დეგნანი ასე ცალსახად ისეთი ოპოზიციის გვერდით, რომელიც მოწოდებულია, დაანგრიოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩაგვითრიოს ომში. ამ კითხვებზე ვალდებულია, პასუხი გასცეს ქართველ ხალხს, ვინაიდან ჩვენთვის გაუგებარია მისი პოზიციები, ერთი მხრივ უნდობლობაა გამოცხადებული ომბუდსმენის მიმართ, ასეთი მხარდაჭერა რითია განპირობებული, თუ არა იმით, რომ დღეს ლომჯარია აჟღერებს კელი დეგნანს და არა საკუთარ თავს, ასევე რითია განპირობებული მხარდაჭერა ისეთი ოპოზიციის მიმართ, რომელიც არის დესტრუქციული. ამიტომ უმჯობესია, კელი დეგნანმა პირდაპირი ტექსტებით გვითხრას, რა ინტერესები გააჩნია საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხი თვითონ გამოიტანს დასკვნას, რა არჩევანი უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.