„ნამახვანიჰესის“ ინვესტორი კომპანია - ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე კვლევები უპრეცედენტო რაოდენობით არის ჩატარებული
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ მშენებლობამდე ჩატარებული კვლევების შესახებ საუბრობს.
„ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90 პროცენტი წილის მფლობელი, საერთაშორისო კომპანია „ენკა“ (ENKA) მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამშენებლო კომპანიად არის აღიარებული და საკუთარ საქმიანობაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები აქვს დანერგილი. ის, როგორც მოსალოდნელია, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ზედმიწევნით უფრთხილდება როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ასევე საკუთარი ინვესტიციის უსაფრთხოების საკითხს“, – აცხადებენ ინვესტორ კომპანიაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე კვლევები უპრეცედენტო რაოდენობით არის ჩატარებული.
„ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე მუშაობა 1930-იანი წლებიდან დაიწყო, ხოლო პირველი მიზანშეწონილობის კვლევა 1972 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, არაერთი მიზანშეწონილობის კვლევა, აქედან უახლესები რომ გამოვყოთ – USAID-ის მიერ 2006 წელს ჩატარებული დეტალური კვლევები „ჰიდროპროჯეკტ ინტერნეიშენალის“ მიერ 2007 წელს ჩატარებული კვლევა, მაშინდელი ენერგეტიკის სამინისტროს მითითებით. პროექტის მიზანშეწონილობის დასკვნითი კვლევა კი იტალიურ კომპანიას „სტუდია პიეტრანჯელის“ ეკუთვნის, რომელიც მან 2015 წელს ჩაატარა. ამ უკანასკნელ კვლევაზე (საბაზისო დიზაინზე) დაყრდნობით, პროექტზე გაიცა პირველი მშენებლობის ნებართვა და გარესმოდაცვითი გადაწყვეტილება, შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც „ენკა რინიუებლზმა“ გაიმარჯვა. ძალზე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთ ნახსენები კვლევის განხორციელებისას, დეტალურად იყო შესწავლილი და გამოკვლეული პროექტთან დაკავშირებული ისეთი უმნიშვნელოვანესი ასპექტები, როგორებიცაა სეისმოლოგია, გეოლოგია, მეწყრული პროცესები, გარემოზე ზემოქმედება და სხვა“, – ნათქვამია ინვესტორი კომპანიის ინფორმაციაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებისთანავე, „ენკა რინიუებლზმა“ ხელმეორედ ჩაატარა კვლევები უკლებლივ ყველა იმ ასპექტთან დაკავშირებით, რომლებზეც კვლევები მანამდე იყო ჩატარებული.
„განსაკუთრებული ყურადღება კომპანიამ ისეთ საკითხებს მიაქცია, როგორებიცაა: გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია, სეისმურობა, მეწყერსაშიში ზონები, ჰიდროლოგია და კაშხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შემდეგ კომპანიამ მის მიერ დაქირავებულ საერთაშორისო ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთად დიზაინის ოპტიმიზება მოახდინა. ზუსტად ამ ოპტიმიზებული და გაუმჯობესებული დიზაინისა და ყველა ზემოთ ხსენებული კვლევების საფუძველზე, კომპანიამ 2020 წლის დასაწყისში მიიღო განახლებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და მშენებლობის ნებართვა“, – აღნიშნულია ინვესტორი კომპანიის ინფორმაციაში.