„ნამახვანჰესის“ საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
„ნამახვანჰესის“ საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

მიმდინარე წლის პირვე თებერვალს, დილის 4:00 საათზე, გუმათჰესის დასახლებაში, ცეცხლი გაუჩნდა ქვემო „ნამახვანჰესის“ საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც ინახებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ენკა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის უწყებებს.

„წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. დამატებით ინფორმაციას კომპანია ENKA უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.