ნახშირორჟანგის მშთანმთქმელმა მსოფლიოში უდიდესმა ქარხანამ მუშაობა დაიწყო — #1tvმეცნიერება
ისლანდიაში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა ქარხანამ, რომელმაც ჰაერიდან ნახშირორჟანგი უნდა ამოიღოს და ქვებად გადააქციოს.
ქარხანას Orca ჰქვია, რაც ისლანდიურად „ენერგიას“ ნიშნავს და შედგება ოთხი განყოფილებისგან; თითოეული მათგანი ლითონის ორი ყუთისგან არის აგებული და ვიზუალურად გემის კონტეინერებს ჰგავს.
დანადგარი შვეიცარიულმა კომპანია Climeworks-მა და ისლანდიურმა Carbfix ააგეს. სრული დატვირთვით მუშაობისას, ქარხანა ჰაერიდან წელიწადში 4000 ტონა ნახშირორჟანგს (CO2) შთანთქავს.
აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მონაცემებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 870 მანქანის გამონაბოლქვს უდრის.
ნახშირორჟანგის შესაგროვებლად ქარხანა ვენტილატორებს იყენებს, რომლებიც ჰაერს კოლექტორისკენ მიმართავენ; კოლექტორს კ შიგნით ფილტრები აქვს.
მას შემდეგ, რაც ფილტრების მასალა ნახშირორჟანგით აივსება, კოლექტორი იხურება და ტემპერატურა იქამდე იწევს, რომ ფილტრიდან CO2 გამოიყოს, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება ძლიერ კონცენტრირებული აირის შეგროვება.
ამის შემდეგ, CO2 წყალში ერევა და 1000 მეტრის სიღრმეში ეშვება, ახლომდებარე ბაზალტის ფორმაციაში, სადაც ის ქვავდება.
ამ ტექნოლოგიის მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ ის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მთავარი ხელსაწყო გახდება.
თუმცა, კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს ტექნოლოგია ჯერ წარმოუდგენლად ძვირია და დიდი მასშტაბებით მის დანერგვას შეიძლება ათწლეულებიც დასჭირდეს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.