ნახშირორჟანგის დონემ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, სიტუაცია საგანგაშოა
სათბურის აირების გამოყოფის შემცირებისკენ მიმართული არაერთი ძალისხმევის მიუხედავად, ნახშირორჟანგის დონემ დედამიწის ატმოსფეროში, აპრილში ახალ სიმაღლეს მიაღწია — 410 ნაწილაკზე მეტი მილიონში (ppm). ეს მაჩვენებელი უმაღლესია მონაცემებში, რომლებიც ბოლო 800 000 წლის შესახებ გაგვაჩნია.
ჰავაის მაუნა-ლოას ობსერვატორიის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, CO2-ის კონცენტრაციის ზუსტი ციფრი 410,31 ppm იყო.
შეიძლება ითქვას, რომ ეს განგაშის კიდევ ერთი ზარია, რადგან თვალნათლივ მიუთითებს იმ ზიანზე, რასაც ჩვენს პლანეტას ვაყენებთ და გვაჩვენებს, თუ რამდენად დრამატული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, თუ გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ კატასტროფული შედეგები.
აღსანიშნავია, რომ CO2-ის მაჩვენებელი 410 ppm დაფიქსირდა გასული წლის აპრილშიც. მართალია, წელს ამ ნიშნულმა ოდნავ მოიმატა, მაგრამ სანუგეშო მაინც არაფერია.
პროგრამა Scripps CO2-ის ფარგლებში, CO2-ის ნიმუშებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1958 წლიდან აგროვებენ. ამ მონაცემთა საფუძველზე ნათელი ხდება, რომ დედამიწის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე წლიდან-წლამდე იმატებს.
1950-იან წლებში, ნახშირორჟანგის მაჩვენებელი ატმოსფეროში 310 ppm-ს შეადგენდა. შესაბამისად, ადვილად შეგიძლიათ დაინახოთ, რამდენად სწრაფ ზრდასთან გვაქვს საქმე. ამჟამად, მილიონ კილოგრამ ჰაერში CO2-ის შემცველობა 410 კილოგრამია — თავდაპირველ მაჩვენებლებზე თითქმის სამჯერ მეტი.
უფრო შორეული წარსულის მონაცემთა შესასწავლად, მეცნიერები მყინვარების ყინულებში ჩაჭედილ ჰაერის ბუშტუკებს სწავლობენ. ისინი ფაქტობრივად დროის კაფსულებია, რომლებიც თვალნათლივ გვაჩვენებს ათასობით წლის წინანდელი ჰაერის ქიმიურ შემადგენლობას.
ბოლო 800 000 წლის განმავლობაში მოხდა რვა გლაციალური ციკლი. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, CO2-ის დონე ასე მაღალი არასოდეს ყოფილა.
სინამდვილეში, ეს რეკორდი შესაძლოა, ისტორიის გაცილებით დიდ მონაკვეთს ეკუთვნოდეს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) შარშანდელი მონაცემებით, CO2-ის კონცენტრაცია უმაღლესია ბოლო 3 მილიონი წლის განმავლობაში. აღნიშნულ დასკვნამდე ორგანიზაცია გეოლოგიურ ნიმუშთა შედარების შედეგად მივიდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ ცხადია — ჩვენს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ასე მაღალი დონე ძალიან დიდი ხანია, არ გვქონია.
გარდა იმისა, რომ CO2 ინარჩუნებს მზის რადიაციას და პლანეტას აცხელებს, დარტყმითი ეფექტი აქვს ეკოსისტემაზე, რადგან ჰაერში კიდევ უფრო მეტი ნახშირორჟანგის გამოყოფას განაპირობებს მიწისქვეშა წყაროებიდან და პოლუსების მიმდებარე ტერიტორიებიდან (დნობის შედეგად).
ერთადერთი კარგი ამბავი ის არის, რომ მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ნახშირორჟანგის გადამუშავების გზებზე, რათა მისი ჭარბი ოდენობა ჩვენს ატმოსფეროს მოაშორონ. თუმცა, მსგავსი ინოვაციების დანერგვას ალბათ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
საბოლოო ჯამში, საჭიროა ამ პლანეტის ყველა მცხოვრების ერთობლივი ძალისხმევა — პოლიტიკოსების, მეცნიერების თუ თითოეული ჩვენგანის, რათა CO2-ის დონე ჩვეულ ნიშნულს დავუბრუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ციცქნა პლანეტას გამოუსწორებელი ზიანი ელოდება.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით