ნახშირის ღია კარიერის წესით მომპოვებლები ტყიბულში აქციას მართავენ
ნახშირის ღია კარიერის წესით მომპოვებლები ტყიბულში აქციას მართავენ

ტყიბულში ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციას იმ შპს-ების წარმომადგენლები მართავენ, რომლებიც ნახშირს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ. აქციის მონაწილეები მადნეულის მოპოვების უფლების აღდგენას ითხოვენ. მათი თქმით, გარემოს დაცვის პოლიციამ ნახშირით დატვირთული მათი კუთვნილი ხუთი სატვირთო ავტომობილი გააჩერა და მოძრაობის საშუალებას არ აძლევს.

შპს-ებს, რომლებიც „ჯიაიჯი ჯგუფის“ კონტრაქტორები იყვნენ, ხელშეკრულება 2015 წელს ამოეწურათ, თუმცა ნახშირის მოპოვებას ღია კარიერის წესით მაინც აგრძელებდნენ.

„ჩვენ უკან დგანან ოჯახები, გვყავს შვილები და გვაქვს ბანკის ვალები, ამიტომ ნახშირს მოვიპოვებდით და ახალქალაქში გადაგვქონდა გასაყიდად“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე იაგო ლომთაძემ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძის ინფორმაციით, კომპანია „საქნახშირი კოალოფჯორჯია“ მზადაა, კონტრაქტები შპს-ებთან კვლავ გააფორმოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი მადნეულის მოპოვების სამუშაოების დროს უსაფრთხოების სტანდარტს დაიცავენ.