ნაძალადევის რაიონში სასწრაფო დახმარების მანქანა დაგორდა და კედელს შეეჯახა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
სასწრაფოს მანქანა სააკაძის მეორე ჩიხში დაგორდა და საცხოვრებელი სახლის კედელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, სასწრაფოს მძღოლი და ორი ექიმი დაშავდნენ.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი დაშავებული მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი – გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ავარიის შედეგად არ დაშავებულან იმ სახლში მყოფი პირები, რომელსაც მანქანა დაეჯახა.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, წინასწარი მოკვლევით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.