უკრაინელი დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატმა ვიქტორ ჩევგუზმა თვითაცილება მოითხოვა.
შესაბამისი განაცხადით მან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.
„თვითაცილება არ მინდოდა შემეტანა, თუმცა…“ – წერს ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატი, რომელმაც სოციალურ ქსელში თავისი განცხადების ასლი გამოაქვეყნა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშული გადაწყვეტილება შეთანხმებულია დაცვის მხარესთან.
უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 მარტს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნადეჟდა სავჩენკოს დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა. იმავე დღეს, სავჩენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. კიევის სასამართლომ მას 20 მაისამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უკრაინის გენერალური პროკურატურა ნადეჟდა სავჩენკოს სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების მომზადებაში ადანაშაულებს. მას 15 წლით თვაისუფლების აღკვეთა ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება. სავჩენკო მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.