ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში რჩება
ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში რჩება

უკრაინელი დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობაში დარჩება. Deutsche Welle-ს ცნობით, კიევის სააპელაციო სასამართლომ 15 მაისს სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ამ გადაწყვეტილებით, ის საგამოძიებო იზოლატორში კიდევ 60 დღე დარჩება.

ნადეჟდა სავჩენკო 2018 წლის 23 მარტს, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემდეგ დააკავეს. მის ბრალდებებს შორის სახელმწიფო წყობის ძალისმიერი ქმედებებით დამხობის მცდელობები, ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ტერაქტის მოწყობა, ასევე საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფაა. დაპატიმრების შემდეგ დეპუტატმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა და რამდენიმე დღით მხოლოდ სიცრუის დეტექტორის გავლისთვის შეწყვიტა. მისი ადვოკატის თქმით, ამ ხნის განმავლობაში ნადეჟდა სავჩენკომ 20 კგ. დაიკლო.