ნადეჟდა სავჩენკო საგამოძიებო იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მანამდე რადას დეპუტატმა, რომელსაც ბრალად ედება ტერორისტული დაჯგუფების ჩამოყალიბება, განაცხადა, რომ საზღვარგარეთ გაქცევას არ აპირებს და უდანაშაულობას სასამართლოში დაამტკიცებს.
16 აპრილს ბროვარის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა სავჩენკოს წინასწარი პატიმრობა არ გაახანგრძლივოს.
სავჩენკოსთან ერთად იზოლატორი დატოვა ორგანიზაცია „ოფიცერთა კორპუსის“ ხელმძღვანელმა ვლადიმირ რუბანმა, რომელიც 2018 წელს დონბასში დააკავეს.
ნადეჟდა სავჩენკო საგამოძიებო იზოლატორში 2018 წლის 23 მარტიდან იმყოფებოდა. მისი დაპატიმრების ნებართვა უმაღლესმა რადამ გასცა. უკრაინის პროკურატურამ სავჩენკოს ბრალი წაუყენა რამდენიმე მუხლით. მათ შორის არის „ქმედებები, რომლებიც მიმართული იყო კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ“ და „ტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბება“.
2019 წლის იანვარში ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს.