„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, პარტნიორ „ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, ასოცირების კომიტეტის დოკუმენტისთვის 38 შესწორება დაარეგისტრირეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, პარტნიორ „ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, ასოცირების კომიტეტის საბოლოო დოკუმენტისთვის 38 შესწორება დაარეგისტრირეს. შესწორებები ძირითადად ეხებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი სტრასბურგიდან იუწყება, ერთ-ერთი შესწორების თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვდა, რომ დოკუმენტში ჩაწერილიყო ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა. ამ კონტექსტში ოპოზიციას სურდა, დოკუმენტში მოხვედრილიყო გიგი უგულავას საქმე და იგი მოხსენებული ყოფილიყო როგორც პოლიტიკური პატიმარი. ასევე სურდათ, პოლიტიკურ პატიმრებად მოხსენიებულიყვნენ 20 ივნისს დაკავებული პირები.
შესწორებებში, ასევე საუბარი იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ ხელისუფლებას კრიტიკულად განწყობილი მედიის მფლობელების მიმართ სასამართლო დავები ჰქონდა დაწყებული. ამ კონტექსტში მოხსენიებული იყო ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი მოწილის, გიორგი რურუას საქმეები.
„ევროპარლამენტი წუხს მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებების გამო, რომელიც მიგვითითებს, რომ ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ გამოძიების ძალისხმევა შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული; გვახსენებს, რომ მსგავსი შემთხვევები ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას საქართველოში და შესაძლოა, სერიოზულად შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის ძალისხმევა“,- აღნიშნულია დოკუმენტის მე-18 შესწორებაში.
მე-19 შესწორებაც ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ეკუთვნის და მასში გამოთქმულია შეშფოთება „მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების მიერ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივი თავდასხმებით. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამგვარი თავდასხმებში დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა და უზრუნველყოს, რომ მომავალში არ მოხდება მსგავსი თავდასხმები, განსაკუთრებით, მომავალი საარჩევნო კამპანიის გათვალისწინებით“.
დოკუმენტის ერთ-ერთ შესწორებაში (31-ე შესწორება) ევროპარლამენტარი ფოტიგა ზლოტოვსკი „გამოთქვამს შეშფოთებას დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მფლობელებისა და მენეჯერების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით. მათ შორის გიორგი რურუა – „მთავარი არხის“ მეწილე, ავთანდილ წერეთელი – „ტვ პირველის“ მფლობელი, ნიკა გვარამია „მთავარი არხის“ დირექტორი/ დამფუძნებელი და ზურაბ გუმბერიძე „ტვ ფორმულას დირექტორი“.
ასევე, სალომე სამადაშვილისა და ოთარ კახიძის შესწორებაში აღნიშნულია: „საქართველოში მედიაგარემო დინამიური და პლურალისტურია, მაგრამ ასევე პოლარიზებული; კრიტიკულ მედიასაშუალებები ხშირად ხდება ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის სუბიექტი, დამფუძნებლების მიმართ სასამართლო დავების სახით (ტელეკომპანია „მთავარი“ ნიკა გვარამია“), აქციონერთა დაკავებით (გიორგი რურუა და ტელეკომპანია „მთავარი“), ფინანსურ და გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებით (ავთანდილ წერეთელი და ტელეკომპანია „პირველი“).
გარდა ამისა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის 33-ე შესწორებაში ნათქვამია: „შეშფოთებას გამოვთქვამთ პროოპოზიციური მედიის დევნაზე, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტებისა და პროდიუსერების მიმართ და ვგმობთ მთავრობასთან დაკავშირებული პირების ჩართულობას დეზინფორმაციის კამპანიაში 2019 წლის დეკემბერში, რომელიც შეიცავს ასობით ყალბ გვერდსა და ჯგუფს სოციალურ ქსელში“.
როგორც ცნობილია, აღნიშნული შესწორებები და მთლიანად შემაჯამებელი დოკუმენტი ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა.