„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომების დანიშვნაზე ინფორმაციას ბოლო საათებში იგებენ
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, საკრებულოში უამრავი პრობლემაა, მათ შორის რიგგარეშე სხდომების დანიშვნის საკითხი, რომლის შესახებ ინფორმაციას ოპოზიცია მათი თქმით, მხოლოდ ბოლო საათებში იგებს. შედეგად, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების და მასალების გასაცნობად დრო არ ეძლევათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ასევე, საკრებულოს სხდომებზე მათ მიმართ აგრესიის გამოხატვაზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ოპოზიციასთან არ ითანამშრომლოს. შეხვედრაზე საუბარი რეგლამენტსაც შეეხო. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, საკრებულოში ახალი რეგლამენტის მიღებას ცდილობენ, რომლითაც საკრებულოს დემოკრატიულობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაუარესდება.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ საკითხებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.