„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ვალერი მუსაევს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ბრალი წარედგინა
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს, ვალერი მუსაევს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარედგინა ბრალი. ბრალის წარდგენა ყვარელში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხდა.
დაკავებულის ადვოკატის, ბაადურ გულიაშვილის განცხადებით, ის ბრალდების ფორმულირებას არ ეთანხმება.
„ბრალდებული ამ ეტაპზე არ აღიარებს თავდასხმას უშუალოდ პოლიციელზე. ის მისცემს ჩვენებას იმ ვიდეომასალასთან დაკავშირებითაც, რომ ის მართლაც იყო მომიტინგეთა შორის, რომლებიც ცდილობდნენ სანქცირებულ მიტინგზე ჩასვლას თელავში, ისინი ცდილობდნენ აღნიშნული ავტობუსი რამენაირად გადაეგორებინათ გზიდან, რათა გაეგრძელებინათ სხვლა თელავისკენ. მას არანაირი ძალადობრივი ქმედება პოლიციელის მიმართ არ განუხორციელებია, თავად რასაც ამბობს. ჩანს კადრებში, რომ ხელით ურტყამს ავტობუსს საქარე მინაზე“, – განაცხადა ადვოკატმა ბაადურ გულიაშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. მისივე ცნობით, პროკურატურა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობის დაყენებას აპირებს, ისინი კი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვენ.
ვალერი მუსაევი სამართალდამცველებმა 19 დეკემბერს დააკავეს. გამოძიების ცნობით, ის, დავით კირკიტაძესთან ერთად, 16 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმაში მონაწილეობდა.