ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი – 1969 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული სამიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.