„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვისკენ მოუწოდებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიას ავტოპარკის გაყიდვისკენ მოუწოდებს. როგორც დღეს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ განაცხადა, ქუთაისის მერია მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შენახვისთვის მიმდინარე წელს 800 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
მისი თქმით, ავტომობილების შეკეთებაზე 340 000 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერიც გამოცხადდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა.
შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერია 2018 წელს 440 00 ლარის საწვავის შეძენას აპირებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ქუთაისის მერიას სასწრაფოდ გააუქმოს აღნიშნული ტენდერი, გაყიდოს საკუთარი ავტოპარკი, მათ შორის ძვირადღირებული ჯიპები, რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ის მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას“, – განაცხადა გიგა შუშანიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ასევე მოუწოდებს ქუთაისის მერიას უარი თქვას თანამდებობის პირებისთვის პერსონალური ავტომობილების გამოყოფის პრაქტიკაზე.
„მიგვაჩნია, რომ მერიის ფუნქციონირებისთვის სრულიად საკმარისი იქნება ჰიბრიდული სისტემის რამდენიმე მორიგე ავტომანქანა, რომელთა მიერ საწვავის მოხმარება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მერიას 70 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ემსახურება, მათ შორის ექვსი ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპი“, – განაცხადა შუშანიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქის მერიაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.