„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას არ ესწრება
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას არ ესწრება

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას, რომელზეც აჭარის კონსტიტუციაში უმაღლესი საბჭოს არჩევნების სისტემის შესახებ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ, ოპოზიცია არ ესწრება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოიკოტირების რეჟიმში რჩებიან, რადგან 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდა.

გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ ცვლილებების განხილვა კანონდარღვევით მიმდინარეობს.

„თავდაპირველად ინიცირებული იყო კანონპროექტი არჩევნების სრულად პროპორციული სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. საკონსტირუციო ცვლილებები ითვალისწინებს საყოველთაო განხილვებს და სწორედ სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა მოხდა, შემდეგ შეიცვალა კანონპროექტი და სამი მაჟორიტარი დარჩა, ანუ განიხილეს სხვა პროექტი და ახლა კენჭი უნდა უყარონ სხვას, ესაა კანონდარღვევა“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია მხოლოდ მიზეზებს ეძებს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ბოლშევიკების გაერთიანებად გადაიქცა.

„ისინი პროპორციული არჩევნების მომხრე არ იყვნენ არც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და არც ახლა. ისინი გადაიქცნენ ბოლშევიკებად და ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს. ისინი ითხოვენ კრიმინალური წარსულის მქონე რურუას გათავისუფლებას. ეს მათი არჩევანია, იქნებიან კრიმინალის, თუ ქვეყნის განვითარების მხარდამჭერები“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები უმაღლესი საბჭოს არჩევნების წესთან დაკავშირებით ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

პარლამენტის პარალელურად, იცვლება უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი და იგი პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული ხდება. თუ აქამდე უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან ექვსი მაჟორიტარული წესით აირჩეოდა, ცვლილებების შემდეგ, უმაღლეს საბჭოში მხოლოდ სამი მაჟორიტარი დარჩება.

მაჟორიტარული ოლქები უმაღლესი საბჭოსთვის მთლიანად დაემთხვევა პარლამენტის არჩევნებისთვის შექმნილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს. ცვლილებების შემდეგ მაჟორიტარებს აირჩევენ ქობულეთის და ბათუმის ოლქებში, ასევე გაერთიანდება ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქები.

ცვლილებებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარადგენს. განხილვას არ ესწრება ოპოზიცია, თუმცა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 14 ხმა აქვს. ზუსტად ამდენი დეპუტატითაა წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში.  გარდა ამისა, ცვლილებებს მხარს უჭერს დამოუკიდებელი დეპუტატი მერაბ ბლადაძეც.