თუ მზისგან საკმაოდ შორს წახვალთ, ნახავთ, რომ მზის სისტემა იქ გაცილებით სავსეა.
ნეპტუნის ორბიტის გადაღმა გაწოლილია კოიპერის სარტყელი — ყინულოვანი ქვებით სავსე რგოლის მსგავსი ველი. სწორედ იქაა პლუტონი, აროკოთი და უთვალავი სხვა პატარა ობიექტი, სიცივესა და წყვდიადში.
მათ კოიპერის სარტყლის ობიექტებს (KBO) უწოდებენ და სულ ახლახან, ასტრონომებმა მიაგნეს იმის ნიშანს, რომ მზიდან 70-90 ასტრონომიული ერთეულის შუალედში, ამ ობიექტთა რაოდენობა იზრდება; კოიპერის სარტყლის ობიექტთა უფრო შიდა, მზესთან ახლო ნაწილისგან მათ პრაქტიკულად ცარიელი ნაპრალი გამოყოფს.
თითქმის ისე ჩანს, რომ ორი კოიპერის სარტყელი არსებობს, ანდაც სულ მცირე, ორკომპონენტიანი, რასაც აქამდე არავინ ელოდა.
„თუ ეს დადასტურდა, უდიდესი აღმოჩენა იქნება. მზის თავდაპირველი ნისლეული იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე მიგვაჩნდა და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მზის სისტემაში პლანეტების წარმოქმნის შესწავლაზე“, — ამბობს იაპონიის ჩიბას ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლანეტური მეცნიერი ფუმი იოშიდა.
მიჩნეულია, რომ კოიპერის სარტყლის ობიექტები წარმოადგენს ყველაზე ხელუხლებელ, ადრეულ მასალას მთელ მზის სისტემაში.
თავად სარტყელი მზისგან 30 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან (ასტრონომიული ერთეული არის საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის), ნეპტუნის ორბიტის იქით იწყება და მზიდან დაახლოებით 50 ასტრონომიული ერთეულის მანძილამდე გრძელდება.
მზისგან ასეთ მანძილზე, კოიპერის სარტყელში მოქცეული ნებისმიერი ობიექტი მზის მინიმალურ რადიაციას განიცდის, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ ეს ობიექტები თითქმის უცვლელია მზის სისტემის დაბადებიდან (4,6 მილიარდი წლის წინ) დღემდე.
ეს ობიექტები ნარჩენია მატერიის იმ უძველესი ღრუბლისა, რომელსაც მზის ნისლეულს უწოდებენ და რომლისგანაც დაიბადა მზის სისტემა.
ხომალდი New Horizons-ი უკვე მზის სისტემის გარე ნაწილს მიაპობს, 2015 წელს გადაუფრინა პლუტონსაც; ამ მომენტისთვის, ხომალდი მზისგან დაახლოებით 60 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იმყოფება.
მზის სისტემის გარე ნაწილის კვლევისთვის და კოიპერის სარტყლის ობიექტებზე დაკვირვებისთვის, ასტრონომები მიწისპირა ტელესკოპებითაც აწარმოებენ დაკვირვებებს, მათ შორის, იაპონიის სუბარუს ეროვნულ ასტრონომიულ ობსერვატორიას, რომელიც ჰავაიზე მდებარეობს.
ამ დროისათვის, სუბარუს ტელესკოპმა უკვე აღმოაჩინა კოიპერის სარტყლის 263 ახალი ობიექტი; თუმცა, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა კანადელი ასტრონომის, უესლი ფრასერის ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ ამ ობიექტთაგან 11 იმაზე გაცილებით შორსაა, ვიდრე კოიპერის სარტყლის დასასრული გვეგონა — მზისგან 70 ასტრონომიული ერთეულით დაშორებულ რეგიონში.
აღმოჩენილ ობიექტთა რაოდენობიდან გამომდინარე, მკვლევრებმა კოიპერის სარტყლის რგოლის სიმკვრივე შეაფასეს. ის შიდა პოპულაციაზე ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ საკმარისად მაღალი, რათა ახალ სტრუქტურას წარმოქმნიდეს.
თუმცა, ვერაფერი იპოვეს 50-70 ასტრონომიულ ერთეულს შორის რეგიონში. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს საკმაოდ ნორმალური ამბავია — ამ სახის ნაპრალი დაფიქსირებულია ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სხვა პლანეტურ სისტემებშიც. შედეგად, მზის სისტემა უფრო ემსგავსება გალაქტიკის სხვა სისტემებს.
„დიდი ხნის განმავლობაში, მზის სისტემის კოიპერის სარტყელი ძალიან პატარა ჩანდა სხვა მრავალ პლანეტურ სისტემასთან შედარებით, მაგრამ ჩვენი დაკვირვებები მიუთითებს, რომ ეს იდეა შეიძლება დაკვირვებათა მიკერძოების გამო გაჩნდა. ამიტომ, თუ ეს შედეგი დადასტურდა, ჩვენი კოიპერის სარტყელი სულაც არ იქნება ასე პატარა და უჩვეულო სხვა ვარსკვლავებთან დაფიქსირებულებთან შედარებით“, — ამბობს ფრასერი.
ირმის ნახტომზე ჩატარებული მრავალი დაკვირვება მიუთითებს, რომ მზის სისტემა მრავალმხრივ არის უცნაური. გამომდინარე იქიდან, რომ მზის სისტემა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტური სისტემაა, რომელშიც სიცოცხლე არსებობს, შესაძლოა, სწორედ ამ უცნაურობებს შეჰქონდეს წვლილი იმაში, რომ ის სიცოცხლისთვის ხელსაყრელია.
თუმცა, კოსმოსზე დაკვირვების ტექნოლოგიები შეზღუდულია, რაც მნიშვნელოვან დაკვირვებით მიკერძოებებს იწვევს და მიუთითებს უცნაურობებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. თუკი კოიპერის სარტყელზე ჩატარებული ახალი დაკვირვებები დადასტურდა, მოგვიწევს გამოვრიცხოთ ერთ-ერთი ასეთი უცნაურობა — უჩვეულოდ პატარა მზის ნისლეული.
იმისათვის, რათა აღმოჩენას უფრო მეტად მოეფინოს ნათელი, გრძელდება დაკვირვება ზემოთ ხსენებული 11 შორეული ობიექტის ორბიტაზე.
„ეს საოცარი აღმოჩენა ცხადყოფს რაღაც მოულოდნელს, ახალს და ამაღელვებელს მზის სისტემის შორეულ მისადგომებში. დიდი ალბათობით, ეს აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა სუბარუს ობსერვატორიის მსოფლიო დონის შესაძლებლობათა გარეშე“, — ამბობს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი ალან სტერნი.
კვლევა The Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია subarutelescope.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.