როდესაც საქმე სხვა პლანეტებზე სიცოცხლის პოვნას ეხება, შეიძლება, საკმარისი სულაც არ იყოს წყლიანი სხეული კომპლექსური ქიმიური ნაერთების „სოუსით“. ასეთი პირობების მქონე პლანეტები შეიძლება სამეზობლოშიც გქონდეს.
გაზის გიგანტ პლანეტათა წყვილი აღმოაჩინეს ვარსკვლავთან, რომელიც იმდენად ჰგავს ჩვენს მზეს, რომ შეგვიძლია პრაქტიკულად მის ტყუპისცალად ჩავთვალოთ. ამიტომ, ამ სისტემამ შეიძლება ბევრი რამ გვასწავლოს ჩვენი მზის სისტემის შესახებაც.
ვარსკვლავი, სახელად HIP 104045, ჩვენგან დაახლოებით 175 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და მის გარშემო სულ მცირე ორი დიდი პლანეტა მოძრაობს — ერთის მასა იუპიტერის მასის ნახევარია და 6,3-წლიანი ორბიტა აქვს, მეორისა კი ნეპტუნისას დაახლოებით 2,5-ჯერ აჭარბებს და 316-დღიან ორბიტაზე მოძრაობს.
აღმოჩენა მეცნიერებს მზის მსგავს ვარსკვლავა უკეთ შესწავლაში დაეხმარება, იმის იმედით, რომ ბოლოსდაბოლოს ვიპოვით მეორე დედამიწას.
გამომდინარე იქიდან, რომ დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ადგილია მთელ სამყაროში, სადაც ბიოსფერო განვითარდა, ის ჩვენი ერთადერთი ნიმუშია სიცოცხლისათვის საჭირო გარემო პირობებისათვის. დედამიწა იზოლირებული არ არის, მიეკუთვნება მთელ პლანეტურ სისტემას, რომელშიც შვიდი სხვა პლანეტა, უთვალავი ასტეროიდი, ჯუჯა პლანეტა და თავად ჩვენი ვარსკვლავი, მზე შედის.
როგორც უახლესი კვლევები მიუთითებს, პლანეტური სისტემის არქიტექტურა, დედამიწის შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიცოცხლისათვის ხელსაყრელობაში. ასევე ძლიერ მნიშვნელოვანია ასტეროიდებისა და კომეტების არსებობა, რომლებსაც შეუძლიათ, გარკვეული ინგრედიენტები მიიტანონ პლანეტაზე.
ასევე ჩანს ისიც, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს იუპიტერიც: მზის სისტემის შიდა ნაწილს პატარა კლდოვანი სხეულებით მუდმივი ბომბარდირებისგან იცავს, „მწყემსავს“ როგორც ასტეროიდთა სარტყელს, ისე იმ ასტეროიდებს, რომლებსაც მასთან საერთო ორბიტა აქვთ. თუმცა, მის უზარმაზარ გრავიტაციას მცირე სხეულების ორბიტების მოშლაც შეუძლია, რომლებსაც მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ „მიერეკება“. მზის სისტემის ისტორიის ადრეულ ეტაპზე, იუპიტერმა სავარაუდოდ გადამწყვეტი როლი შეასრულა ასეთ კლდოვან სხეულთა დედამიწაზე მოხვედრაში.
თუ გვსურს შევამციროთ ის არჩევანი, თუ სად ვეძებოთ სიცოცხლე, იუპიტერის მსგავსი პლანეტები სხვა მიზეზთა გამოც უნდა ვეძებოთ.
„იუპიტერის ანალოგები ძირითადად მზის მსგავსი ლითონშემცველობის ვარსკვლავების გარშემო წარმოიქმნებიან და სიცოცხლისათვის პოტენციური, დაბალმასიანი პლანეტები შეიძლება საკმაოდ გავრცელებული იყოს ისეთ ვარსკვლავებთან, რომელთა სისტემაშიც შედიან ცივი იუპიტერები“, — წერს ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელსაც სან-პაულუს უნივერსიტეტის მკვლევარი ტიაგუ ფერეირა ხელმძღვანელობდა.
მკვლევართა განცხადებით, უფრო ხშირია პატარა, დედამიწის ზომის პლანეტები, ვიდრე გაზის გიგანტები. ეს ფაქტორები აჩენს მზის მსგავს ვარსკვლავებთან დედამიწის მსგავსი პლანეტების ძებნის პრეცედენტს ძირითადად იუპიტერის მსგავსი პლანეტების ძებნის გზით.
მზის მსგავს ვარსკვლავებთან პლანეტების საძებნელად, ასტრონომები 2014 წლიდან იყენებენ ჩილეს ატაკამის უდაბნოში განთავსებული ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) ლა-სილიის ობსერვატორიის 3.6-მეტრიანი ტელესკოპის ინსტრუმენტ HARPS-ს.
ვარსკვლავი HIP 104045 თითქმის სრულყოფილად ემთხვევა მზეს. მისი ლითონშემცველობა ძლიერ ჰგავს ჩვენი მზისას. არის დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის; ჩვენი მზის ასაკი 4,57 მილიარდი წელია. HIP 104045-ის მასა ჩვენი სულ რაღაც 1,03 მზის მასას შეადგენს, რადიუსი 1,05 მზისას, სიკაშკაშე კი ჩვენი ვარსკვლავისას 1,11-ჯერ აჭარბებს.
როდესაც ფერეირამ და მისმა კოლეგებმა HIP 104045-ის სინათლე შეისწავლეს, მათ არა ერთი, არამედ ორი პლანეტის არსებობის მტკიცებულებას მიაგნეს.
პირველი პლანეტის მასა 0,498 იუპიტერის მასას შეადგენს და წარმოადგენს ე. წ. იუპიტერის ანალოგს: ეგზოპლანეტას, რომელიც 0,3 – 3 იუპიტერის მასის დიაპაზონშია, ორბიტა ვარსკვლავიდან 3-7 ასტრონომიული ერთეულის მანძილზეა, რის გამოც, ის დინამიკურ როლს უნდა ასრულებდეს, ისეთს, როგორსაც იუპიტერი მზის სისტემაში.
მეორე ეგზოპლანეტა სუპერნეპტუნია. ჩვენი ნეპტუნის მასა დედამიწისას 17-ჯერ აჭარბებს, ახლად აღმოჩენილი პლანეტისა კი 43-ჯერ. გამომდინარე იქიდან, რომ კლდოვან პლანეტათა ზედა ზღვრად 10 დედამიწის მასა მიიჩნევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ჩვენი პლანეტის მსგავსად კლდოვანი (მყარი) იყოს — ის უფრო აირებისგან უნდა შედგებოდეს.
თუმცა, ის მოქცეულია ე. წ. ოპტიმისტურ სასიცოცხლო ზონაში. სასიცოცხლო ზონა არის მანძილი ვარსკვლავიდან, რომელშიც ტემპერატურა საკმარისია პლანეტის ზედაპირზე თხევადი წყლის შესანარჩუნებლად, არც ძალიან ცივი და არც ძალიან ცხელი. ოპტიმისტური სასიცოცხლო ზონა მანძილის უფრო დიდი დიაპაზონია, რომელშიც სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ტემპერატურა შესაძლებელია, მაგრამ ეს თითქმის მთლიანად იღბალზეა დამოკიდებული.
სამწუხარო ის არის, რომ ახლად აღმოჩენილი ეს ორი პლანეტა, თავის ვარსკვლავის გარშემო მოძრაობისას, ჩვენსა და მას შორის არ ჩაივლის; შესაბამისად, ამჟამად არ გაგვაჩნია მისი ატმოსფეროს შესწავლა, რათა იქ ბიოხელწერები ვეძებოთ.
შეიძლება თუ არა, რომ HIP 104045-ის გარშემო პატარა, კლდოვანი პლანეტაც მოძრაობდეს? მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში იუპიტერის ანალოგის არსებობა ამის იმედს აჩენს, ვარსკვლავთან შედარებით ახლოს სუპერნეპტუნის არსებობა ამ იმედს ცივ წყალს ასხამს.
მკვლევართა განცხადებით, სუპერნეპტუნის არსებობა კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რათა ვიფიქროთ, რომ ჩვენი მზის სისტემა მართლაც არატიპურია და ასეთი სისტემები მზის მსგავს ვარსკვლავთა ალბათ მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს.
და კიდევ, ჯერ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. გალაქტიკაში აურაცხელი ვარსკვლავია და ისღა დაგვრჩენია, მეტი ვიკვლიოთ.
კვლევა Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.