მზის ლაქები არის დროებითი ფენომენი მზის ფოტოსფეროში, რომლებიც მიმდებარე ზონებზე უფრო მუქი წერტილების სახით ჩანს. ეს გახლავთ რეგიონები, სადაც ზედაპირის ტემპერატურა ნაკლებია, რასაც იწვევს მაგნიტური ნაკადის კონცენტრაციები, რომლებიც კონვექციას ახშობს. მზის ლაქები ძირითადად საპირისპირო მაგნიტური პოლარობის წყვილების სახით ჩნდება. მათი რაოდენობა მზის დაახლოებით 11-წლიანი ციკლის მიხედვით იცვლება.
ცალკეული მზის ლაქები ან მათი ჯგუფები რამდენიმე დღის ან თვის მანძილზე რჩება, შემდეგ კი თანდათან ქრება. მათი დიამეტრი 16-დან 160 000 კილომეტრამდე მერყეობს. დიდი ლაქების დანახვა ზოგჯერ ტელესკოპის გარეშეც კი შესაძლებელია.
მზის ლაქები ინტენსიურ მაგნიტურ აქტივობაზე მიუთითებს და შეიძლება თან ახლდეს ისეთი მეორეული ფენომენებიც, როგორებიც არის კორონარული მარყუჟები, პროტუბერანეცები (გაზის ამოფრქვევა ქრომოსფეროდან და მზის გვირგვინიდან) და მაგნიტური ხელახლა შეერთებები. მზის ლაქების შეჯგუფებათა გარშემო, მაგნიტურად აქტიურ რეგიონებში ხდება მზის ამოფრქვევებისა და კორონარული მასის ამოფრქვევების უმეტესი ნაწილი. მზის ლაქების ფენომენი ჩვენი დედავარსკვლავის გარდა, სხვა ვარსკვლავებზეც არის შემჩნეული.
მზის სამი ლაქა, რომლებსაც ფოტოებზე ხედავთ, საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ თბილისიდან გადაიღო.