მზია თოდუა - ნინო გვენეტაძე არ გახლავთ ის პიროვნება, ვინმემ დააშანტაჟოს
ნინო გვენეტაძე არ გახლავთ ის პიროვნება, ვინმემ დააშანტაჟოს, – ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწის, კახა წიქარიშვილის განცხადებას.
„მე ვიცი ნინო გვენეტაძისგან, რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა და წავიდა. ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც კახა წიქარიშვილი საუბრობს, ჩემთვის უცნობია და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ქალბატონი ნინო გვენეტაძე არ გახლავთ ის პიროვნება, ვინმემ დააშანტაჟოს,“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწემ, კახა წიქარიშვილმა დღეს განაცხადა, რომ ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის დროს, „კლანთან“ თანამშრომლობა დაიწყო და მათი ზეგავლენის ქვეშ მოექცა.
წიქარიშვილის თქმით, ნინო გვენეტაძესთან დღესაც მიმდინარეობს გარკვეული კომუნიკაცია, რომ გამოვიდეს და თქვას, თითქოს სასამართლოში კლანი არ არსებობს და სასამართლო სისტემაში ყველაფერი კარგად არის.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ ათ მაისს ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პოსტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გასულ წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო. ამასთან, გვენეტაძემ განმარტა, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.