მზის ატმოსფეროში იუპიტერის დიამეტრზე დაახლოებით ხუთჯერ დიდი ხვრელი გაჩნდა, საიდანაც მთელ მზის სისტემაში გაიტყორცნა ძლიერი მზის ქარი.
ამ ფენომენს კორონალურ ხვრელს უწოდებენ და ის ამჟამად მზის იმ მხარეს არის, რომელიც დედამიწას არ უყურებს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ის პირდაპირ ჩვენკენ იყო მომართული და ნაწილაკების ნაკადს დედამიწის მიმართულებით ისროდა.
ამაში საგანგაშო არაფერია, გამოიწვია მხოლოდ მსუბუქი მზის ქარი, მაგრამ ეს ხვრელი კიდევ ერთი აშკარა ნიშანია იმისა, რომ მზე თავის 11-წლიანი ციკლის მაქსიმუმში შედის.
ბოლო პერიოდში ჩვენი მზე ძლიერ აქტიურია, რაც მოსალოდნელიც იყო.
ჩვენს ვარსკვლავს აქტივობის ციკლები ახასიათებს, რომელშიც მას უჩნდება უფრო მეტად აქტიური ლაქები, მზის ანთებები, კორონალური მასის ამოფრქვევები და კორონალური ხვრელები.
ამ აქტივობები ბოლოს პიკს აღწევს — მზის მაქსიმუმს, რომლის შემდეგაც, ყველაფერი უკან იხევს და მზის მინიმუმისკენ მიემართება; ეს გახლავთ შედარებით მშვიდი პერიოდი, მინიმალური აქტივობებით.
სავარაუდოდ, ამ ციკლს მზის მაგნიტური ციკლები მართავს ან სულ მცირე, რაღაც კავშირი აქვს მასთან; ამ მაგნიტური ციკლების დროს, პოლარულობას იცვლის მზის მაგნიტური ველი — ადგილებს ცვლიან ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები.
ეს გადანაცვლება მზის მაქსიმუმის დროს მოხდება, რაც სავარაუდოდ 2024 წელს უნდა მოხდეს.
ალბათ უკვე გსმენიათ მზის ლაქების, ანთებებისა და კორონალური მასის ამოფრქვევათა შესახებ. მზის ლაქა არის დროებითი ლაქა მზეზე იმ ადგილას, სადაც მაგნიტური ველი ოდნავ ძლიერდება. ეს კი იწვევს შედარებით ცივი, მუქი „ჭორფლების“ გაჩენას მზის ზედაპირზე.
მზის ლაქები და კორონალური მასის ამოფრქვევები არის ამოფრქვევები, რომლებიც ხშირად მზის ლაქებთან არის დაკავშირებული; ამ დროს, უზარმაზარი ენერგია გამოიყოფა, რისი მიზეზიც მაგნიტური ველის ხაზების გაწყვეტა და ხელახლა შეერთებაა.
ამისგან განსხვავებით, კორონალური ხვრელი დიდი რეგიონია, სადაც მზის მაგნიტური ველი იხსნება. მზის ლაქების მსგავსად, მათი დანახვა შესაძლებელია ოპტიკურ სინათლეში; მაგრამ როცა ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეებს ვუყურებთ, ვხედავთ უზარმაზარ, მუქ ლაქებს, რომლებიც მიმდებარე გარემოზე უფრო ბნელია, რადგან შედარებით ცივია.
იმის გამო, რომ მაგნიტური ველი გახსნილია, ქარს, რომელიც ისედაც მუდმივად უბერავს მზიდან, უფრო ადვილად დაბერვა შეუძლია. შედეგად კი ვიღებთ მზის სისტემაში წამოსულ მზის ნაწილაკთა უფრო მძლავრ ნაკადებს, რომლებიც გზადაგზა პლანეტებსაც შეიძლება გადაეყარონ.
ამჟამინდელი ხვრელი მზის ზუსტად ჩვენგან საპირისპიროდ მოქცეულ მხარესაა და ყველაზე გრძელ ადგილას დაახლოებით 800 000 კმ სიგრძისაა. შედარებისათვის — იუპიტერის დიამეტრი 140 000 კმ-ია, დედამიწის კი 12 742 კმ.
ხვრელი დედამიწის მხარეს 2 დეკემბერს იყო მოქცეული, მისგან წამოსულმა მზის ქარმა კი ჩვენთან 4-5 დეკემბერს მოაღწია.
აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაციის (NOAA) მონაცემებით, ამან გამოიწვია G1 – G2 დონის მზის შტორმი. ეს დონე საკმაოდ დაბალია და ჩვენთვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩა.
ამ დროს შემდეგი რამ ხდება — მზის ქარის ნაწილაკები დედამიწის მაგნიტოსფეროს ურტყამს და შემდეგ, მაგნიტური ველის ხაზების გასწვრივ, პოლუსებისკენ მიემართება, საიდანაც ატმოსფეროს ზედა ნაწილში ჩადის. იქ ისინი ატმოსფერულ ნაწილაკებთან ურთიერთქმედებს, რაც პოლარულ ნათებას წარმოქმნის.
დედამიწის იონოსფეროსა და მაგნიტოსფეროში მომატებულმა ნაკადებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ელექტროსისტემას, თანამგზავრების მუშაობას, რადიოკომუნიკაციას და სანავიგაციო სისტემებს.
G1- და G2 დონის შტორმებისას, ეფექტები ფრიად მინიმალურია.
უფრო მძლავრ მზის შტორმებს წარმოქმნის კორონალური მასის ამოფრქვევები და ანთებები. კორონალური ხვრელი შედარებით პასიურია. მზის ქარი უფრო ძლიერია, მაგრამ გარე მიმართულებით აქტიურად ვერ უბერავს. ამისგან განსხვავებით, კორონალური მასის ამოფრქვევისას მატერია აქტიურად იფრქვევა გარე მიმართულებით.
უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელი მზის ციკლი მოსალოდნელზე გაცილებით ძლიერია და როგორც ჩანს, ცოტა უფრო დიდხანს გაგრძელდება.
მზის ამოფრქვევების გამო, წელს, ნოემბერში, პოლარული ციალი გაცილებით დაბალი განედებიდანაც გამოჩნდა, მათ შორის საქართველოდანაც.
NOAA-ს პროგნოზით, ამჟამინდელ ციკლში მზის ლაქების მაქსიმალური რაოდენობა 173 იქნება. ეს მაჩვენებელი ნაკლებია საშუალოზე, რაც 179-ს შეადგენს და გაცილებით ნაკლებია აღრიცხულთა შორის რეკორდულ რაოდენობაზე, მზის მე-19 ციკლისას, 1958 წლის მარტში დაფიქსირდა — 285 მზის ლაქა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.