მზეზე პოლარული ციალის მსგავსი გამოსხივება დააფიქსირეს — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა მზის ატმოსფეროში პოლარული ციალის მსგავსი გამოსხივება დააფიქსირეს.
მზის ფოტოსფეროში სწრაფად მზარდი ლაქის თავზე, დაახლოებით 40 000 კმ სიმაღლეზე, ასტრონომთა ჯგუფმა აქამდე ჯერ არნახული ტიპის ხანგრძლივი რადიოგამოსხივება ჩაიწერა. ჯგუფს ნიუ-ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი სიე იუ ხელმძღვანელობდა.
მზე ყველა სახის რადიაციას გამოყოფს, მაგრამ მკვლევართა განცხადებით, ეს შემთხვევა სხვას არაფერს ჰგავდა, თუ არა პოლარულ ციალს.
„დავაფიქსირეთ მზის ლაქებიდან მომდინარე პოლარიზებული რადიოანთებების ხანგრძლივი გამოსხივების განსაკუთრებული ტიპი, რომელმაც კვირაზე დიდხანს გაძლო. ის სრულიად განსხვავდება ტიპური, გარდამავალი რადიოანთებებისგან, რომლებიც როგორც წესი, წუთებს ან საათებს გრძელდება. ამაღელვებელი აღმოჩენაა, რომელმაც შეიძლება, შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ვარსკვლავური მაგნიტური პროცესების შესახებ“, — ამბობს იუ.
მბზინავი, ტალღოვანი პოლარული ნათება დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა, მაგრამ ის ჩვენი პლანეტის გარდა სხვა პლანეტებზეც ხდება და თანაც, დიდად სხვადასხვაგვარი. პოლარული ციალი დაფიქსირებულია მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტაზე და იუპიტერის ზოგიერთ მთვარეზეც კი.
ციალი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მზისგან წამოსული ნაწილაკები დედამიწის მაგნიტური ველის ხაზებში შედის; ეს უკანასკნელი მათ აჩქარებს, ენერგიას ანიჭებს, შემდეგ კი ატმოსფეროში „ლექავს“, სადაც ისინი იქ არსებულ მოლეკულებთან ურთიერთქმედებენ და სწორედ ამ პროცესში გამოიყოფა ნათება.
თუმცა, ხილული სინათლე ციალის გამოსხივების სპექტრის მხოლოდ ერთი ნაწილია. მას თან ახლავს რადიოკომპონენტიც. მიუხედავად იმისა, რომ მზე სხვა პროცესების შედეგადაც დიდი ოდენობით რადიოგამოსხივებას გამოყოფს, მათ შორის ანთებებისა და რადიოაქტივობის შედეგად, მზის ლაქების თავზე დაკიდებული გამოსხივებას რადიოციალების პროფილი ჰქონდა.
სწორედ ამით იყო ეს მოვლენა განსაკუთრებული. მზის ლაქები მზის ზედაპირზე, მის ფოტოსფეროში არსებული დროებითი, შედარებით ცივი რეგიონებია, რომლებსაც უჩვეულოდ მძლავრი მაგნიტური ველების რეგიონები წარმოქმნის. მზის სისტემაში მზის ნაწილაკებით ისე არაფერია გაჟღენთილი, როგორც თავად მზე.
შესაბამისად, საფუძვლიანია ვიფიქროთ, რომ იქ შეიძლება ხდებოდეს მზის ნაწილაკების მაგნიტური ველით აჩქარება, მაგრამ იმაზე გაცილებით მძლავრი, ვიდრე დედამიწაზე, რისი მიზეზიც მზის გაცილებით მძლავრი მაგნიტური ველებია.
იუს განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული სივრცითი და დროითი ანალიზების მიხედვით, ასეთი გამოსხივების მიზეზია ელექტრონ-ციკლოტრონ მაზერული (ECM) გამოსხივება, რომელიც მოიცავს შემხვედრი მაგნიტური ველის გეომეტრიაში ჩაჭედილ ენერგიულ ელექტრონებს.
„მზის ლაქების ცივი და ძლიერ მაგნეტიზებული ზონები ECM გამოსხივებისთვის ხელსაყრელ გარემოს უზრუნველყოფს, რითაც წარმოქმნის პარალელებს პლანეტებისა და სხვა ვარსკვლავების მაგნიტურ პოლარულ ქუდებთან და პოტენციურად უზრუნველყოფს მზის ადგილობრივ ანალოგს ამ ფენომენთა შესასწავლად“, — ამბობს იუ.
სინამდვილეში, ვარსკვლავთათვის სულაც არ არის უჩვეულო რადიო ციალების გამოყოფა. რამდენიმე წლის წინ, მეცნიერთა ჯგუფმა რამდენიმე ვარსკვლავის მიერ არადამახასიათებელი რადიოტალღების გამოყოფა დააფიქსირა, რაც მათ ახლო ორბიტაზე მოძრავ ეგზოპლანეტებს დაუკავშირეს; მათი აზრით, ვარსკვლავი ამ პლანეტების ატმოსფეროს ისრუტავდა, რაც ციალის მსგავს გამოსხივებას წარმოქმნიდა.
მზის სისტემის პლანეტები მზისგან საკმაოდ შორსაა იმისათვის, რათა ასეთი ეფექტი წარმოიქმნას, მაგრამ დედამიწა ნამდვილად საკმარისად ახლოსაა მზესთან იმისათვის, რათა ციალის ტიპის ის მკრთალი გამოსხივება დავინახოთ, რომელსაც სხვა შორეულ ვარსკვლავებზე ვერ ვხედავთ.
მკვლევართა აზრით, მზის ლაქებისგან არც ისე შორეულ რეგიონებში ანთებათა აქტივობას ენერგიული ელექტრონები მზის ლაქებიდან ამოსულ მაგნიტურ ველთა მარყუჟებში გადააქვს; ასე წარმოიქმნება ის, რასაც მკვლევრები „მზის ლაქების რადიოციალს“ უწოდებენ. ეს ამ პროცესში ჩართული მექანიზმის ამ დროისათვის ყველაზე აშკარა მტკიცებულებაა, რომელიც შორეულ ვარსკვლავებზე ვარსკვლავური მაგნიტური აქტივობისა და მზის ლაქების ქცევის შესწავლის ახალ გზებზე მიუთითებს.
მკვლევრები საარქივო მასალების შესწავლას გეგმავენ, რათა შეამოწმონ, ფიქსირდებოდა თუ არა ასეთი ციალები მზის აქტივობის წინა ანთებებშიც.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.njit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.