მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია
მზეზე ათწლეულის უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა - დედამიწის კომუნიკაციები საფრთხეშია

დღეს დილით (6 სექტემბერი), მზეზე ორი უძლიერესი ამოფრქვევა მოხდა. მეორე აფეთქება უმძლავრესი იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში.
აღმოსავლეთის სასაათო ზონის დროით 5:10 a.m-ზე, მზის ზედაპირზე არსებული მოზრდილი ლაქიდან ამოიფრქვა X-კლასის ჭავლი, რომელიც მზის შტორმთა უძლიერეს კატეგორიას მიეკუთვნება.
ანთება უძლიერესი იყო 2015 წლის შემდეგ, მაგრამ იგი სრულიად დაჩრდილა სამი საათის შემდეგ, 8:02 a.m-ზე მომხდარმა ამოფრქვევამ, რომელსაც X9.3 კლასი მიენიჭა. ინფორმაციას აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის კოსმოსური ამინდის ცენტრი (SWPC) ავრცელებს. ბოლო X9 ამოფრქვევა 2006 წელს დაფიქსირდა.
SWPC-ის განცხადებით, მზის ანთებამ რადიოსიგნალთა დროებითი ჩახშობა გამოიწვია: დედამიწის მზით განათებულ მხარეზე, მაღალი სიხშირის რადიოტალღების დიდმა ნაწილმა, ერთი საათის განმავლობაში კონტაქტი დაკარგა, ნავიგაციაში გამოყენებული დაბალი სიხშირის კომუნიკაციები კი, ასევე ერთი საათის განმავლობაში გაუარესდა.
მზის ამოფრქვევა ხდება მაშინ, როდესაც მზის მაგნიტური ველი — რომელიც მუქ ლაქებს წარმოქმნის ვარსკვლავის ზედაპირზე — იგრიხება და ერთმანეთს უერთდება, რაც გამოაფრქვევს ენერგიას და აცხელებს მზის ზედაპირს. X-კლასის ვარსკვლავურ ანთებებს, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ნაწილში რადიაციული შტორმების გამოწვევა და რადიოტალღათა დაბლოკვა შეუძლია, რაც ამჯერადაც მოხდა.
ვარსკვლავური ამოფრქვევის დროს, მზეს საკუთარი სხეულიდან ასევე შეუძლია გამოტყორცნოს პლაზმის ენერგეტიკული ღრუბელი — მოვლენა, რომელსაც კორონალური მასის ამოტყორცნა ეწოდება.


„მოთმინება გვმართებს, სანამ მივიღებთ გარკვეულ კორონალურ ვიზუალიზაციას, რაც გადაჭრით გაგვცემს პასუხს ამ მოვლენასთან დაკავშირებით“, — უთხრა Space.com-ს SWPC-ის კოსმოსურმა მეცნიერმა რობ სტინბურგმა.
მზის ლაქას, საიდანაც ამ დილის ამოფრქვევა მოხდა, აქტიურ რეგიონ 2673-ს უწოდებენ და უმცირესია მზის ზედაპირზე არსებულ ორ მასიურ ლაქას შორის. ასტროფიზიკოს კარლ ბატამსის ცნობით, ამ ლაქის სიგანე დედამიწისას შვიდჯერ აღემატება, სიმაღლე კი ცხრაჯერ.
გუშინ, იგივე ლაქიდან M-კლასის ჭავლი ამოიტყორცნა, რამაც დედამიწისაკენ კორონალური მასის ამოტყორცნა მომართა. ეს მოვლენა ამაღამ ძლიერ ჩრდილოეთის ციალს გამოიწვევს, რაც აშშ-ის სამხრეთ შტატებიდანაც კი გამოჩნდება.
დედამიწასთან ამჟამად კავშირი გაწყვეტილი აქვს NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მზისა და ჰელიოსფეროს ერთობლივ ორბიტულ ობსერვატორიას, შესაბამისად, შეუძლებელია იმის დადგენა, გამოიწვია თუ არა დილანდელმა ამოფრქვევამ კორონალური მასისი ამოტყორცნა.


დედამიწისკენ მომართულ მსგავს ამოტყორცნას შეუძლია გამოიწვიოს უფრო დიდი ჩრდილოეთის ციალები, მაგრამ ამავე დროს დააზიანოს ხელოვნური თანამგზავრები, საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი სისტემები. სტინბურგის თქმით, დამუხტული პლაზმის ღრუბელი დედამიწამდე 1-4 დღეში აღწევს, მაგრამ კორონალური მასის ამოტყროცნით გამოწვეული ენერგეტიკული ჭავლები ჩვენს პლანეტამდე უფრო სწრაფად აღწევს.
აქტივობის მსგავსი ტალღა მკვლევართათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მზე ამჟამად ვარსკვლავურ მინიმუმს უახლოვდება, როდესაც აქტივობა მინიმალური იქნება მის 11-წლიან ციკლში.
„მსგავსი სახის მოვლენები ვარსკვლავის სიცოცხლის ჩვეულებრივი ნაწილია“, – აცხადებს რობ სტინბურგი.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით

მზეზე საშუალო დონის ამოფრქვევა მოხდა. მოვლენა NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიამ დააფიქსირა და ფოტოც გადაუღო. ეს ობსერვატორია ჩვენს ვარსკვლავს გამუდმებით აკვირდება.