მზეზე 2017 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა მოხდა — #1tvმეცნიერება
როგორც ჩანს, მზე 11-წლიანი ციკლის მშვიდი პერიოდიდან იღვიძებს.
2021 წლის 3 ივლისს, ჩვენმა ვარსკვლავმა თავისი 25 ციკლის პირველი X-კლასის ანთება ამოაფრქვია; ეს გახლდათ ყველაზე მძლავრი ანთება 2017 წლის სექტემბრის შემდეგ.
X-კლასის ანთებები ჩვენი დედავარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვარსკვლავური ამოფრქვევებია; ყველაზე მძლავრი ასეთი ამოფრქვევა, რომელსაც X28 უწოდეს, 2003 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.
ახალი ამოფრქვევა ასე მძლავრი არ იყო, შეაფასეს X1.5 სიძლიერით, მაგრამ მაინც წარმოქმნა რენტგენული სხივების პულსები, რომლებმაც დედამიწის ზედა ატმოსფეროს დაარტყა და ატლანტის ოკეანის თავზე გამოიწვია მოკლეტალღური რადიოსიგნალების ჩახშობა.
X-კლასის ბოლო ასეთი ანთება, 2017 წლის სექტემბერში, X8.2 სიძლიერის იყო.
მზის ზედაპირზე გაჩენილ უფრო ბევრ პლაზმის კორონარულ მარყუჟთან ერთად, ეს იმის ნიშანია, რომ მზის ციკლი ნამდვილად უფრო აქტიური ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწიდან მზე ჩვენთვის ყოველდღე ერთნაირი ჩანს, გრძელვადიანი დაკვირვება მის დინამიკურ აქტივობაზე მეტყველებს. ამის ნაწილია მზის ციკლი.
ეს ყველაფერი ეფუძნება მზის მაგნიტურ ველს, რომელიც ყოველ 11 წელში გადანაცვლდება, როდესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები ადგილებს ცვლიან. უცნობია, რა წარმართავს ამ ციკლებს (უახლესი კვლევის მიხედვით, ეს შეიძლება იყოს 11,07-წლიანი პლანეტური განლაგება), მაგრამ პოლუსების გადანაცვლება მაშინ ხდება, როდესაც მაგნიტური ველი უსუსტეს წერტილშია, რასაც მზის მინიმუმსაც უწოდებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ მაგნიტური ველი აკონტროლებს მზის აქტივობას — მზის ლაქებს (დროებითი რეგიონები ძლიერი მაგნიტური ველებით), მზის ანთებებს და კორონარული მასის ამოფრქვევებს (იწვევს მაგნიტური ველის ხაზების გაწყვეტა და ხელახლა შეერთება) — ციკლის ეს ეტაპი მინიმალური აქტივობებით გამოირჩევა.
მას შემდეგ, რაც პოლუსები გადანაცვლდება, მაგნიტური ველი ძლიერდება და მზის აქტივობა მზის მაქსიმუმამდე ადის, შემდეგ კი იკლებს კვლავ შემდეგი გადანაცვლების დრო დგება. მზის ბოლო მინიმუმი 2019 წლის დეკემბერში დადგა, შესაბამისად, უახლოეს თვეებსა და წლებში მზის გააქტიურებას უნდა ველოდოთ, რაც მაქსიმუმს 2025 წლის ივლისში მიაღწევს.
მზის ყველა მაქსიმუმი ერთნაირი არ არის და შესაბამისად, უცნობია, წინ სუსტი ციკლი გველოდება თუ ძლიერი. მაქსიმუმის დროს მზის ლაქების საშუალო რაოდენობაა 179; 24-ე ციკლში მათი მაქსიმალური ოდენობა მხოლოდ 114 იყო. NASA-ს და NOAA-ს პროგნოზით, 25-ე ციკლიც ასეთივე იქნება, მაქსიმუმ 115 მზის ლაქით, მაგრამ სხვა მეცნიერები სრულიად საწინააღმდეგოს პროგნოზირებენ — ერთ-ერთ უმძლავრეს მზის მაქსიმუმს.
საინტერესოა, რომ 24-ე ციკლში X-კლასის პირველი ანთების გამოჩენას თითქმის ორჯერ მეტი დრო დასჭირდა. აქვს თუ არა ამას რაიმე მნიშვნელობა, 25-ე ციკლის დასრულების შემდეგ გავიგებთ.
რას ნიშნავს ეს ყველაფერი დედამიწისთვის? თუ მზის ანთებები ან კორონარული მასის ამოფრქვევები დედამიწის მიმართულებით გამოიტყორცნა, რამდენიმე ეფექტს შევიგრძნობთ. დედამიწის ზედაპირზე მყოფ ადამიანებს რადიაციის საფრთხე არ გვემუქრება, რადგან ამისგან ატმოსფერო გვიცავს.
თუმცა, 3 ივლისს მომხდარზე უფრო ძლიერ ანთებებმა და სუსტმა, M-კლასის ანთებებმა შეიძლება გარკვეული აშლილობები გამოიწვიოს ატმოსფეროს იმ ფენებში, სადაც საკომუნიკაციო სიგნალები ვრცელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დაზიანდეს რადიოკომუნიკაციები და სანავიგაციო სისტემები. ყველაზე ექსტრემალურ მოვლენათა შემთხვევაში კი შეიძლება გაითიშოს ელექტროსისტემები, მაგრამ ასეთი რამ წარმოუდგენლად იშვიათად ხდება.
მზისგან წამოსულმა მატერიას დედამიწაზე შეუძლია პოლარული ციალის გამოწვევაც, რადგან მზის ნაწილაკების ურთიერთქმედება ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან, წარმოქმნის მანათობელ ფენომენს.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.