ობსერვატორია ALMA-მ ვარსკვლავ პროქსიმა კენტავრის გარშემო მტვერი დააფიქსირა. დაკვირვებათა შედეგად გამომჟღავნდა ცივი მტვრისგან მომდინარე ნათება რეგიონში, რომელიც პროქსიმა კენტავრიდან დაშორებულია დედამიწასა და მზეს შორის არსებულ მანძილზე ოთხჯერ მეტით. გარდა ამისა, მონაცემები ასევე მიუთითებს მტვრის გარე სარტყლის არსებობაზე, რაც შესაძლოა, პლანეტარული სისტემის არსებობის მანიშნებელი იყოს. ეს სტრუქტურები მზის სისტემაში არსებული სარტყლების მსგავსია და სავარაუდოდ, შედგება კლდისა და ყინულისგან.
პროქსიმა კენტავრი მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავია. იგი მკრთალი წითელი ჯუჯაა ჩვენგან ოთხი სინათლის წლის მანძილზე, სამხრეთის ცის კენტავრის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მის გარშემო მოძრაობს დედამიწისხელა ზომიერი პლანეტა პროქსიმა b, რომელიც 2016 წელს აღმოაჩინეს და წარმოადგენს მზის სისტემასთან ყველაზე ახლოს არსებულ პლანეტას. ALMA-ს ახალმა დაკვირვებებმა, ვარსკვლავის გარშემო არსებული ცივი კოსმოსური მტვრიდან გამოყოფილი გამოსხივება დააფიქსირა.
„პროქსიმას გარსშემორტყმული მტვერი მნიშვნელოვანია, რადგან დედამიწის ჯგუფის კლდოვანი პლანეტა პროქსიმა b-ს აღმოჩენის შემდეგ, ეს გახლავთ დახვეწილი პლანეტარული სისტემის არსებობის პირველი მიმანიშნებელი; როგორც ჩანს, ჩვენი მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი მხოლოდ ერთ პლანეტას არ მალავს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ანდალუსიის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი გილემ ანგლადა.
მტვრის სარტყლები იმ მასალის ნარჩენებია, რომელიც უფრო დიდ სხეულებად, მაგალითად პლანეტებად ვერ ჩამოყალიბდა. ამ სარტყლებში არსებული მტვრისა და ყინულის ნაწილაკების ზომა მერყეობს მტვრის მარცვლებზე უფრო პატარიდან რამდენიმე კილომეტრიან ასტეროიდთა მსგავს სხეულებამდე.
როგორც ჩანს, მტვერი ჩაწოლილია სარტყელში, რომელიც პროქსიმა კენტავრიდან რამდენიმე მილიონი კილომეტრის მოშორებით ივრცობა და მისი მასა დედამიწის მთლიანი მასის დაახლოებით ერთი-მეასედია. სავარაუდოდ, ამ სარტყლის ტემპერატურა -230 გრადუსი ცელსიუსია — ისეთივე ცივი, როგორიც მზის სისტემის გარე ნაწილში მდებარე კოიპერის სარტყელია.
გარდა ამისა, ALMA-ს მონაცემები მიუთითებს ათჯერ უფრო შორს მდებარე კიდევ უფრო ცივი მტვრის სარტყლის არსებობაზე. თუკი დამტკიცდა, დამაინტრიგებელია გარე სარტყლის ბუნება, რადგან ის იქნება მზეზე ცივი და მკრთალი ვარსკვლავისგან ძალიან დაშორებული, ძალზე ცივი გარემო. ორივე სარტყელი პროქსიმა კენტავრისან იმაზე გაცილებით მეტადაა დაშორებული, ვიდრე პლანეტა პროქსიმა b, რომელიც დედავარსკვლავის გარშემო მხოლოდ 4 მილიონი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს.
„ასეთი შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ პროქსიმა კენტავრს შეიძლება აქვს მრავალი პლანეტისგან შედგენილი სისტემა ურთიერთქმედებათა მდიდარი ისტორიით, რაც მტვრის სარტყლის წარმოქმნით დასრულდა. დამატებითმა კვლევებმა შეიძლება მოგვაწოდოს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შევძლებთ განვსაზღვროთ სისტემის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სხვა პლანეტების ადგილმდებარეობა“, — განმარტავს გილემ ანგლადა.
პროქსიმა კენტავრის პლანეტარული სისტემა განსაკუთრებული ინტერესის საგანია ასევე იმიტომაც, რომ არსებობს პროექტ Starshot-ის გეგმები — სისტემის სამომავლო, პირდაპირი კვლევა, რომლის ფარგლებშიც, უნდა გაიგზავნოს ლაზერით მართულ იალქნებზე მიკრული მიკროზონდები. ვარსკვლავის გარშემო არსებული მტვრიანი გარემოს შესწავლა, უმნიშვნელოვანესია ამ სახის მისიებისათვის.
როგორც კვლევის თანაავტორი პედრო ამადო ამბობს, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია:
„პირველადი შედეგები გვიჩვენებს, რომ ALMA-ს შეუძლია მტვრის სტრუქტურების დაფიქსირება პროქსიმა კენტავრის გარშემო. დამატებითი კვლევები პროქსიმას პლანეტარული სისტემის უფრო დეტალურ სურათს მოგვცემს. თუკი ამას დავუმატებთ ახალგაზრდა ვარსკვლავთა გარშემო მიმდინარე პროტოპლანეტური დისკების ფორმაციის კვლევებს, დღის სინათლეს იხილავს იმ პროცესების მრავალი დეტალი, რომლებიც 4,6 მილიარდი წლის წინ დედამიწისა და მზის სისტემის დაბადებას უძღვოდა. ახლა რასაც ვხედავთ, არაფერია იმასთან შედარებით, რისი დანახვაც მომავალში გველოდება!“.
მომზადებულია eso.org-ის მიხედვით