მზესთან გაგზავნილმა ხომალდმა ვენერას საოცარი კადრები გადაიღო — #1tvმეცნიერება
2020 წლის ივლისში, ვენერას თავზე გადაფრენისას, NASA-ს პარკერის მზის ზონდმა პლანეტას გასაოცარი კადრი გადაუღო.
პარკერის მზის ზონდის მთავარი სამიზნე ჩვენი დედავარსკვლავი, მზეა; მისიაში კრიტიკულ როლს ასრულებს პლანეტა ვენერა: შვიდწლიანი მისიის განმავლობაში, ხომალდმა შვიდჯერ უნდა შემოუფრინოს ვენერას, რათა მისი გრავიტაცია საკუთარი ორბიტის გასამრუდებლად გამოიყენოს. ვენერას ასეთი გრავიტაციული დახმარება ხომალდს მზესთან სულ უფრო და უფრო ახლოს მისვლაში ეხმარება, რათა მზის ქარების დინამიკა მათ წყაროსთან ახლოს შეისწავლოს.
თუმცა, გარდა ორბიტული დინამიკისა, ვენერასთან ასეთმა შემოფრენებმა მზის სისტემის შიდა ნაწილის უნიკალური და მოულოდნელი ხედებიც შეიძლება შემოგვთავაზოს. ვენერას მხრიდან მესამე გრავიტაციული დახმარებისას, 2020 წლის 11 ივლისს, პარკერის მზის ზონდის კამერა WISPR-მა პლანეტის ღამის მხარეს 12 380 კმ მანძილიდან გადაუღო საოცარი ფოტო.
WISPR-ი შექმნილია მზის გვირგვინისა (კორონა) და ჰელიოსფეროს შიდა ნაწილისთვის ხილულ სინათლეში ფოტოების გადასაღებად; ასევე უნდა გადაიღოს მზის ქარისა და მისი სტრუქტურის სურათები. ვენერასთან კამერამ პლანეტის კიდეების გარშემო კაშკაშა რგოლი დააფიქსირა, რაც შეიძლება ატმოსფეროს ღამით ნათება იყოს — ღამის მხარეს, ატმოსფეროს ზედა ნაწილში ჟანგბადის ატომების მიერ მოლეკულებად გაერთიანებისას გამოყოფილი სინათლე. ფოტოზე გამოსახული გამოკვეთილი შავი მახასიათებელია აფროდიტე-ტერა, უდიდესი მთიანი რეგიონი ვენერას ზედაპირზე. ის შავად იმიტომ ჩანს, რომ მიმდებარე გარემოსთან შედარებით ძალიან ცივია, 30 გრადუსი ცელსიუსი.
კამერა WISPR-ის პროექტის მეცნიერის, ანჯელოს ვურლიდასის განცხადებით, ფოტოს ამ ასპექტმა ისინი საკმაოდ გააკვირვა, რადგან კამერა მორგებულია და გატესტილია ხილულ სინათლეზე; შესაბამისად, ისინი ვარაუდობდნენ, რომ ფოტოზე ღრუბლებს დაინახავდნენ, მაგრამ კამერამ მათში გაიხედა და ზედაპირი ასახა.
„WISPR-მა ეფექტიანად გადაიღო თერმული გამოსხივება ვენერას ზედაპირზე, რაც ძალიან ჰგავს იაპონიის ხომალდ „აკაცუკის“ მიერ ახლო ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში გადაღებულ ფოტოებს“, — ამბობს ჯგუფის წევრი, ასტროფიზიკოსი ბრაიან ვუდი.
ასეთმა მოულოდნელმა შედეგებმა ჯგუფი აიძულა, რომ ლაბორატორიაში ხელახლა გაეზომათ ინსტრუმენტის მგრძნობელობა ინფრაწითელ სინათლეზე. თუ WISPR-ი მართლაც აფიქსირებს ახლო სინათლის ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებს, მისმა ამ მოულოდნელმა უნარმა ახალი შესაძლებლობები უნდა მოგვცეს მზის გარშემო და შიდა მზის სისტემაში არსებული მტვრის შესასწავლად. თუ მას მართლაც შეუძლია ინფრაწითელი ტალღის სიგრძის აღქმა, გამოდის, რომ ეს სურათები, რომლებიც ვენერას ზედაპირის მახასიათებლებს აღნიშნავს, ვენერას ატმოსფეროში გაჭრილ აქამდე უცნობ „ფანჯარას“ გვთავაზობს.
„ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ წინ გველოდება ამაღელვებელი სამეცნიერო შესაძლებლობები“, — ამბობს ვურლიდასი.
უფრო მეტი დეტალის გასარკვევად, WISPR-ის ჯგუფმა ვენერას ღამის მხარეს ასეთი დაკვირვებები ჩაატარა 2021 წლის 20 თებერვალსაც, როდესაც პარკერის მზის ზონდმა პლანეტას კვლავ შემოიფრინა. მისიის წევრები ამ მონაცემების მიღებას და ანალიზებისთვის მომზადებას აპრილის ბოლოსთვის ვარაუდობენ.
„ამ ფოტოების ნახვა ძლიერ გვაინტერესებს. თუ აღმოჩნდა, რომ WISPR-ს ვენერას ღამის მხარის ზედაპირიდან წამოსული თერმული გამოსხივებისა და ღამის ნათების შეგრძნება შეუძლია, დიდ დახმარებას გაგვიწევს ამ პლანეტის ზედაპირის შესწავლაში“, — ამბობს იაპონიის ვენერას მისია „აკაცუკის“ ჯგუფის პლანეტური მეცნიერი ხავიერ პერალტა. ხომალდი „აკაცუკი“ ვენერას გარშემო 2015 წლიდან მოძრაობს.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.