ადამიანის მირ შექმნილმა პირველმა ობიექტმა, რომელმაც მზის გვირგვინში უნდა შეცუროს — NASA-ს პარკერის მზის ზონდმა, 11 ნოემბერს მზეზე პირველი გადაფრენა განახორციელა. ამ დროს მან ფასდაუდებელი, უპრეცედენტო მონაცემები შეაგროვა ჩვენი ბრწყინვალე დედავარსკვლავის შესახებ. ეს მონაცემები უკვე დედამიწაზეა.
მართალია, მონაცემთა დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ არსებობს რაღაც, რისი ხილვაც ახლავე შეგვიძლია — პარკერმა მზის ატმოსფეროში გადაღებული პირველი ფოტო გამოაგზავნა.
ზონდის ინსტრუმენტ WISPR-ით გადაღებული ფოტო ასახავს კორონალურ ნაკადს — ელექტრულად დამუხტული კორონალური გაზებისა და პლაზმის ნაკადებს, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლარობის მქონე მზის ორ რეგიონს აკავშირებს.
როგორც წესი, ეს ნაკადები აქამდე მხოლოდ მზის დაბნელებისას გვქონდა ნანახი. თუმცა ამჯერად, პარკერმა ის მზისგან 27,2 მლნ კმ მანძილიდან გადაიღო, გაცილებით დეტალურად.
ფოტოზე ასახული კაშკაშა წერტილი პლანეტა მერკურია, რომელიც ნაკადის უკანა ფონზე ჩანს. შავი წერტილები კი სურათის დამუშავებისას გაჩენილი ნარჩენებია.
NASA არ აკონკრეტებს, რამდენი იყო ტემპერატურა, როცა პარკერი ფოტოს იღებდა, მაგრამ ეს ზონდი აღჭურვილია ორი დამცავით, რომლებიც 1 370 გრადუს ცელსიუსს უძლებს.
შემდეგი გადაფრენა მზის ატმოსფეროში 2019 წლის 4 აპრილს დაიწყება. მეცნიერთა განცხადებით, მათ ჯერ წარმოდგენაც არ აქვთ, რა სახის მონაცემები შეიძლება შეაგროვოს ხომალდმა მზიდან ასე ახლო მანძილზე, მაგრამ ელოდებიან სრულიად ახალ ფენომენთა დაფიქსირებას.