მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ სწრაფად დნობადი მყინვარებიდან მდინარეებსა და ნაკადულებში დიდი ოდენობით ბაქტერია ჩაედინება, რამაც შეიძლება, ეკოსისტემების გარდაქმნა გამოიწვიოს.
ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ათ ადგილას, მყინვარების ჩამონადენის კვლევის შემდეგ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ გლობალური დათბობის გამო, მომდევნო 80 წელიწადში, მყინვარების დნობის შედეგად, გარემოში შეიძლება ასობით ათასი ტონა ბაქტერია გამოიყოს.
„მყინვარებს გაყინული წყლის უზარმაზარ რეზერვუარებად მივიჩნევთ, მაგრამ ამ კვლევიდან მიღებული მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ამავე დროს, ისინი თავის მხრივ ეკოსისტემებიც არის“, — ამბობს კვლევის ავტორი, აბერისტუითის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ერვინ ედვარდსი.
მყინვარები ყინულის მასებია, რომლებიც თანდათან ზღვისკენ მიიწევენ და გზადაგზა ჭრიან მთიან ხეობებს. მათ ნაკადებში უფრო მეტი რამ არის, ვიდრე უბრალოდ გაყინული წყალი — მინერალები, აირები, ორგანული მასალები, რომელთა გამოთავისუფლებასაც შეიძლება ათასობით და მილიონობით წელიწადი დასჭირდეს.
მყინვარების შემცველობის შესწავლა ისტორიის სხვა ეპოქაში კარის გაღებას ჰგავს. მათში ჩაყინული მიკრობები შეიძლება მდიდარი წყარო იყოს ახალი ნაერთებისთვის, მაგალითად, ანტიბიოტიკებისთვის. თუმცა, ახალი კვლევის ავტორები ამბობენ, რომ დნობადი მყინვარები ტონობით ბაქტერიებს იმაზე სწრაფად გამოყოფენ, ვიდრე მეცნიერებს მათი კატალოგიზება შეუძლიათ.
ჯგუფმა, რომელსაც დანიის ქალაქ ორჰუსის უნივერსიტეტის მყინვარების ჰიდროლოგი იან სტივენსი ხელმძღვანელობდა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სხვადასხვა მყინვარიდან ზედაპირზე ნადნობი წყლის ნიმუშები აიღო. მათ შორის, ევროპის ალპებში, გრენლანდიაში, შპიცბერგენზე და კანადის არქტიკის შორეულ მისადგომებში.
ყოველ მილილიტრ წყალში მათ საშუალოდ ათობით ათასი მიკრობი აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ მომდევნო 80 წელიწადში, მყინვარების ნადნობ წყალში შეიძლება ასი ათას ტონაზე მეტი ბაქტერია ჩავიდეს; თანაც, თუ არ ჩავთვლით აზიის ჰიმალაის ჰინდუქუშის რეგიონს.
ეს კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მდინარეებში, ტბებში, ფიორდებსა და ოკეანეებში წელიწადში გამოთავისუფლებული 650 000 ტონა ნახშირბადის ეკვივალენტია; თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად დნება მყინვარები და რამდენად სწრაფად ვამცირებთ გამონაბოლქვს.
„გამონაბოლქვის შუა გზაზე“ სცენარით, რომლის მიხედვითაც გლობალური ტემპერატურა მაინც აიწევს 2 – 3 °C-ით, ნადნობ წყალში ბაქტერიების მასა პიკს შემდეგ ათწლეულებში მიაღწევს, შემდეგ კი შემცირდება და პოტენციურად მთლიანად გაქრება მყინვარების უკანდახევასთან ერთად.
„გამოთავისუფლებულ მიკრობთა რაოდენობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მყინვარების დნობის სიჩქარეზე და შესაბამისად იმაზე, რამდენად გავაგრძელებთ პლანეტის დათბობას. მაგრამ ზომიერი დათბობის პირობებშიც კი, გამოთავისუფლებულ მიკრობთა მასა დიდია“, — ამბობს ედვარდსი.
წლის დასაწყისში, მეცნიერებმა გაცნობიერეს, რომ არქტიკა უკვე მოსალოდნელზე სწრაფად თხელდება. სხვა კვლევები მიუთითებს, რომ ზოგიერთმა მყინვარმა უკვე გადალახა გარდამტეხი მომენტი, რომლის იქითაც, ნადნობი წყლის რაოდენობა მცირდება, რადგან ურყევად მცირდება მყინვარული ჩამონადენი.
ნადნობი წყლის მიკრობებს შეუძლია ქვედაწელის ეკოსისტემების განაყოფიერება, მაგრამ ისინი შეიძლება მგრძნობიარე გარემოები ან წყალშემკრებები იყოს, რომლებზეც მთელი საზოგადოებებია დამოკიდებული, რადგან ისინი მყინვარულ ჩამონადენს წყლის წყაროდ იყენებენ.
მკვლევრებს არ შეუსწავლიათ ბაქტერიების ინდივიდუალური შტამები, შეაფასეს მხოლოდ მათი საერთო ბიომასა; შესაბამისად, არ გამოუვლენიათ რაიმე ისეთი სახეობა, რომელიც შეიძლება სარისკო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის; არც ის განუსაზღვრავთ, ეს მიკრობები აქტიურია, მიძინებული, დაზიანებული თუ მკვდარი.
„რისკი სავარაუდოდ ძლიერ მცირეა, მაგრამ საჭიროა ფრთხილი შეფასება“, — ამბობს ედვარდსი.
შემდეგი კვლევების გარეშე არც ის ვიცით, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მიკრობთა უეცარმა შედინებამ გარემოს ცვლილებაზე. მკვლევართა ვარაუდით, ამას შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონდეს მიკრობულ საზოგადოებათა პროდუქტიულობასა და მრავალფეროვნებაზე, ისევე, როგორც ბიოქიმიურ ციკლზე.
როგორც წესი, ყინულიან გარემოში არსებული ბაქტერიები და წყალმცენარეები შეიცავენ პიგმენტებს, რათა საკუთარი თავი მზის საზიანო ნათებისგან დაიცვან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პიგმენტები მზის ენერგიას შთანთქავენ, შეიძლება კიდევ უფრო დააჩქარონ დათბობა, რომელიც ისედაც აჩქარებს მყინვართა დანაკარგებს.
მყინვართა ნადნობი წყლის და მათში არსებული მიკრობების ეფექტების შესასწავლად უფრო მეტი კვლევაა საჭირო, მაგრამ ასეთი გაფრთხილებები მსუბუქად არ უნდა მივიღოთ. ადამიანთა მოთხოვნამ წყალზე და შეუჩერებელმა სამრეწველო საქმიანობამ წყლის გლობალური ციკლი ისე შეცვალა, რომ ამის გაგებას ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ.
კვლევა Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია aber.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.