საზღვაო ექსპედიცია კიდევ უფრო ჩრდილოეთით, არქიპელაგ ფრანც-იოსების მიწამდე იყო ჩასული. როგორც სპეციალურ პრესკონფერენციაზე განმარტეს, ახალი კუნძულები მყინვარების დადნობის შედეგად გამოჩნდა.
კუნძულების აღმოჩენის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირველად აგვისტოში იუწყებოდა, მაგრამ სინამდვილეში ისინი 2016 წელს აღმოაჩინეს, როცა კვლევისას, ინჟინერიის სტუდენტმა მარინა მიგუნივამ თანამგზავრულ ფოტოებზე ხმელეთის ახალი მასები შენიშნა.
ახალი ექსპედიციის ფარგლებში, საზღვაო მკვლევრებმა კუნძულების ტოპოგრაფია აღწერეს. ხუთი კუნძული მდებარეობს ახალი მიწის ჩრდილოეთის კუნძულთან; მკვლევართა აზრით, ყინულის საფარისგან ისინი 2014 წელს გამოჩნდა.
კუნძულების ზომა ძალიან პატარადან ძალიან დიდამდე მერყეობს. ორი მათგანი სიგრძეში 30 მეტრია, მაგრამ ყველაზე დიდის ზომა 54 500 კვადრატული მეტრია.
ახლად გამოჩენილი ხმელეთის მასების გრძელვადიან სტაბილურობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ცნობილია, რომ დნობადი მყინვარი ახდენს მის ქვეშ არსებული ხმელეთის დესტაბილიზაციას. ექსპედიციის გლაციოლოგთა აზრით, კუნძულებმა შეიძლება მხოლოდ ათი წელი ან უფრო ნაკლები იარსებონ.
მიუხედავად იმისა, რომ კუნძულები სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, სიცოცხლის ფორმებმა უკვე მოახდინეს მათი კოლონიზება. მათ შორის არის წყალმცენარეები, სხვადასხვა მცენარეები და ფრინველები; შეიმჩნევა მოზდრილ ცხოველთა კვალიც, მაგალითად, დათვის მიერ შეჭმული სელაპის.
ანთროპოგენული ფაქტორებით მიმდინარე გლობალური დათბობის კვალდაკვალ, ეს ხუთი კუნძული მხოლოდ ადრეული ტალღაა იმ ცვლილებებისა, რაც შეიძლება დედამიწის პოლარულ რეგიონებს შეეხოს ყინულის დნობის შედეგად.
ექსპედიციის დროს მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს მეექვსე კუნძულიც, რომელიც ახლად წარმოქმნილ სრუტეში მდებარეობს და მანამდე იქ არსებული ნახევარკუნძულის ნაწილად მიაჩნდათ.
უელსის ბანგორის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფის, ტომ რიფეტის განცხადებით, ნანსენის მყინვარის დნობის კვალდაკვალ იქ ახალი კუნძულების აღმოჩენა სულაც არაა გასაკვირი, რადგან ეს მყინვარი უბრალოდ ყინულების მდინარეა, რომელსაც დაპრესილი თოვლი და ყინული ხმელეთიდან ზღვაში ჩააქვს.
კლიმატის გათბობასთან ერთად, მყინვარები დნება, მცირდება და აშიშვლებს მათ ქვეშ არსებულ მიწას. ეს გახლავთ დათბობის კიდევ ერთი სიმპტომი არქტიკაში — რეგიონში, სადაც კლიმატის ცვლილების გამო ტემპერატურამ დაახლოებით 5-6 გრადუსი ცელსიუსით მოიმატა.